ველისციხესთან დაშავებული პოლიციელები მკურნალობას სახლში გააგრძელებენ

საქართველო, თბილისი - 09:43 | 17.12.2018
ნანახია: 659

ველისციხესთან დაშავებულმა პოლიციელებმა, შესაბამისი სამედიცინო დახმარებისა და გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, თელავის რეფერალური საავადმყოფო დატოვეს.

ექიმების განცხადებით, დაშავებულები მკურნალობას სახლში გააგრძელებენ. მიღებული დაზიანებების ხარისხიდან გამომდინარე ისინი სტაციონარში მოთავსებას არ საჭიროებენ.

თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში სხვადასხვა სახის დაზიანებით ათამდე პოლიციელი გადაიყვანეს. პოლიციელები ველისციხესთან, პოლიციისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან დაპირისპირებისას დაშავდნენ.

სამართალდამცველებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის დაპირისპირება გუშინ, დილიდან რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის ავტომობილების გარღვევა, ასევე პოლიციის ავტობუსის გადაბრუნება სცადეს. მომიტინგეთა ნაწილმა პოლიციის ავტობუსს ქვები დაუშინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე