თავდაცვის მინისტრი „ჰერიტიჯის ფონდში“

საქართველო, თბილისი - 11:46 | 10.12.2015
ნანახია: 1688

ამერიკის შეერტებულ შტატებში ვიზიტისას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი „ჰერიტიჯის ფონდის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო. ფორუმი - „ახალი აბრეშუმის გზა: ევრაზიის გულიდან ევროპის გულამდე.21-ე საუკუნის ტრანსპორტირებისა და ენერგორესურსების პერსპექტივა“ ენერგოუსაფრთხოებისა და ახალი აბრეშუმის გზის საკითხებს განხილვას მიეძღვნა. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. თინათინ ხიდაშელმა გამოსვლისას საქართველოს, როგორც ენერგოდერეფნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტაბილური და უსაფრთხო გარემო ენერგოპროექტების წარმატებით განხორციელების მთავარი წინაპირობაა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია მოხდეს ენერგოდამოკიდებული ქვეყნებისათვის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია, რაც, თავის მხრივ, ენერგიის პოლიტიკურ იარაღად გამოყენების საფრთხეს აგვაცილებს.

თავდაცვის მინისტრმა კონფერენციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „კონფერენციის ამოცანა, ახალი რეალობების გათვალისწინებით, ენერგოუსაფრთხოებაზე სტრატეგიის შემუშავებაში თანამონაწილეობაა. კონფერენციის მონაწილეები არიან ის მთავარი ექსპერტები, ვინც ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ თემებზე მუშაობენ. ჩვენი მხრიდან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო გვეჩვენებინა, რომ არ არსებობს წარმატებული ენერგოუსაფრთხოება, წარმატებული ენერგოპროექტები რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვისთვის გადადგმული ეფექტური ზომებისა და ნაბიჯების გარეშე. დემოკრატიული, უსაფრთხო და მშვიდობიანი ევრაზიის კონტინენტი არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი გარანტი, რომ ნებისმიერი ენერგოპროექტი იქნება წარმატებული. ორივე მიმართულებით თანაბრად არის საჭირო ძალისხმევის გაძლიერება, ყურადღების გამახვილება და ქმედითი ღონისძიებების დაგეგმვა, რათა ერთობლიობაში მივიღოთ წარმატებული, დივერსიფიცირებული, ენერგოუსაფრთხო ევროპა, რომელიც აღარ იქნება დამოკიდებული ერთ რომელიმე მომწოდებელზე და ამ მომწოდებლის ამბიციების დაკმაყოფილებაზე,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ცენტრალური აზია -კავკასიის ინსტიტუტის აბრეშუმის გზის კვლევების პროგრამის თავმჯდომარის ფრედერიკ სტარის განცხადებით, მინისტრის გამოსვლა საინტერესო და რეალისტური იყო: „საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ძალიან საღი, რეალისტური და მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ყველანაირი მსჯელობა ტრანსპორტირებაზე, ენერგორესურსებზე, საქონლის გადაზიდვაზე, ახალ გზებზე, ახალ ნავთობსადენებზე აზრს კარგავს უსაფრთხო გარემოს გარეშე. მისი სიტყვით გამოსვლა იყო ღია და პირდაპირი. თქვა ის, რაც უნდა ეთქვა ყველანაირი კომპრომისების გარეშე და ამას ძალიან ვაფასებ.“

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე