თინათინ ხიდაშელი - პარტნიორობას, რომელიც ჩვენსა და აშშ-ს შორის წლების განმავლობაში არსებობს, კიდევ უფრო მეტი რეალური და ეფექტური შედეგი მოაქვს

საქართველო, თბილისი - 11:32 | 10.12.2015
ნანახია: 1715

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი კონგრესში შეხვედრებს განაგრძობს. თინათინ ხიდაშელი ამ დრომდე უკვე შეხვდა სენატორებს - რონ ჯონსონს და ბობ კორკერს, ასევე კონგრესმენებს - მარკ მიდოუსს, სტივ შაბოსს, დევიდ სისილინს, დანკან ჰანტერს, რეიდ რიბლს და ჯონ შიმკუსს.

კონგრესის დემოკრატი და რესპუბლიკელი წევრების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დადასტურდა. მათ თავდაცვის მინისტრს საქართველოს მიერ საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.

კონგრესის წარმომადგენლები საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებით, ასევე საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე არსებული საკითხებითაც დაინტერესდნენ. შეხვედრებზე ყველა მათგანმა რუსეთის პოლიტიკისადმი რეგიონის ქვეყნებისა და უშუალოდ საქართველოს მიმართ საერთო ხედვა გამოხატა.

სენატორებმა და კონგრესმენებმა მზადყოფნა გამოთქვეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში ინტეგრაციის მხარდამჭერი საკანონმდებლო აქტების ინიცირებისა და კონგრესში მხარდაჭერასთან დაკავშირებით. მხარეებმა ამ კუთხით კონკრეტული ნაბიჯებიც დაგეგმეს.

კონგრესში გამართული შეხვედრები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეაფასა და მათ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „უკვე 20-მდე სენატორსა და კონგრესმენს შევხვდით. შესაძლებლობა გვქონდა, გვესაუბრა საქართველოს წინაშე მდგარ ამოცანებზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად, ეფექტურად მივიღოთ კონგრესისგან საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციები, მივიღოთ მხარდაჭერა ნებისმიერ საკანონმდებლო აქტში, რომელიც კონგრესშია ინიცირებული და ჩვენს რეგიონთან დაკავშირებულ თემატიკას, უსაფრთხოებას ეხება. თემებში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის სხვა ქვეყნებთან ერთად, სხვა კონტექსტებთან ერთად საქართველოს კონტექსტიც იყოს გათვალისწინებული. ჩვენ ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს კონგრესში - ამერიკის შეერთებული შტატების სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ამ მეგობრობის კონსოლიდირება იმისათვის, რომ ერთიანი ხმით და ერთიანი ძალით კიდევ ერთხელ მორიგ ჯერზე ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, რომ პარტნიორობას, რომელიც ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის წლების განმავლობაში არსებობს, კიდევ უფრო მეტი რეალური და ეფექტური შედეგი მოაქვს, უფრო მეტი ხელშესახები წარმატებული ნაბიჯები იდგმება, უფრო მეტი ხელშესახები და წარმატებული პროექტები ხორციელდება ყოველდღიურად და შეგვიძლია მასზე დავაშენოთ ქვეყნის წარმატება.“

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე