„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი შესაძლოა, პარლამენტიდან გაიწვიონ

საქართველო, თბილისი - 14:41 | 13.12.2018
ნანახია: 698

ინიციატორებმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი შესაძლოა, პარლამენტიდან გაიწვიონ, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისი თქმით, არც ერთი ცვლილება არ იქნება მიღებული, რომელიც შეიძლება უკან დახევად იქნეს აღქმული.

„ცოტა ხნის წინ „საჯარო სამსახურის შესახებ” კარგი კანონი მივიღეთ და არც ერთი ცვლილება, რომელიც შეიძლება, უკან დახევად იყოს აღქმული, არ იქნება მიღებული. ამ საკითხზე კითხვები გაჩნდა და ვფიქრობ, ინიციატორები კანონპროექტს გაიწვევენ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

ცნობისთვის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები ადმინისტრაციის ყველა თანამშრომლის ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით დასაქმებაზე გადაყვანას ითვალისწინებს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანის, ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები იმას ნიშნავს, რომ თანამშრომლებს, რომლებიც მრავალი წელია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობენ და უზარმაზარი გამოცდილება გააჩნიათ, აღარ ექნებათ დაცულობის ის გარანტიები, რაც საჯარო მოხელეებს აქვთ და მათ სამსახურიდან ნებისმიერ დროს, კომპენსაციისა და ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვებენ.

კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები რატი იონათამიშვილი და გურამ მაჭარაშვილი არიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე