თითოეული მთაში მცხოვრები საქართველოს ცოცხალი ფარია - მამუკა ბახტაძე

საქართველო, თბილისი - 16:09 | 11.12.2018
ნანახია: 658

მინდა გითხრათ, რომ თქვენი ვაჟკაცობითა და ქედუხრელობით მთელი საქართველო ამაყობს, თქვენ ხართ მთელი საქართველოს იმედი, თქვენი აქ ყოფნით იცავთ ქართულ მიწას, საქართველოს საზღვარს, თითოეული მთაში მცხოვრები საქართველოს ცოცხალი ფარია, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის პრეზენტაციაზე შეკრებილ მოსახლეობას.

მამუკა ბახტაძემ იმედი გამოთქვა, რომ მთის საერთაშორისო დღე, რომელიც წელს საქართველოში პირველად აღინიშნება, ლამაზ ტრადიციად იქცევა.

„ჩვენ განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს მთისა და მთის ხალხის მიმართ. თქვენ უღალატო ხალხი ხართ, ასე იყო ისტორიულად, ასე არის დღესაც და ასე იქნება სამუდამოდ. ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, როდესაც ჩვენი მთის მოსახლეობას ვესაუბრები და ვესაუბრები უშუალოდ. იმედია, არავინ მიწყენს, მაგრამ მათგან ისეთ რჩევას მიიღებ, რომ მართლაც შეიძლება, მთელი ცხოვრება დაგამახსოვრდეს. მინდა გითხრათ, რომ თქვენი ვაჟკაცობითა და ქედუხრელობით მთელი საქართველო ამაყობს. თქვენ ხართ მთელი საქართველოს იმედი, თქვენი აქ ყოფნით იცავთ ქართულ მიწას, საქართველოს საზღვარს, თითოეული მთაში მცხოვრები საქართველოს ცოცხალი ფარია. ეს თქვენი ისტორიული მისიაა, რომელსაც დღემდე ღირსეულად ასრულებთ და წინაპრების ტრადიციას აგრძელებთ და დარწმუნებული ვარ, ასევე გადასცემთ მომავალ თაობებს. მთა საქართველოს ისტორიულ-კულტურული სიმდიდრეა და ჩვენი ვალია, მოვუფრთხილდეთ ამ ყველაზე დიდ სიმდიდრეს და დავიცვათ დაცარიელებისგან. ყველამ ვიცით, რა ძნელია მთის მკაცრ პირობებში ცხოვრება და ამიტომ თითოეული თქვენგანის ღვაწლი განსაკუთრებით დასაფასებელია. ჩვენ გვინდა, ცხოვრება შეგიმსუბუქოთ და ღირსეული პირობები შეგიქმნათ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ცნობისთვის, 11 დეკემბერს მსოფლიოში მთის საერთაშორისო დღე აღინიშნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე