სასამართლომ მეუფე იაკობს მიხეილ რამიშვილისთვის ბოდიშის მოხდა და სიმბოლურად 1 ლარის გადახდა დააკისრა

საქართველო, თბილისი - 14:31 | 11.12.2018
ნანახია: 705

თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატ მიხეილ რამიშვილის სარჩელი, რომლითაც ის ქორეპისკოპოს იაკობს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩიოდა, დააკმაყოფილა.

ადვოკატის ინფორმაციით, მოსამართლე ირაკლი კოპალიანის გადაწყვეტილებით, ქორეპისკოპოს იაკობს მიხეილ რამიშვილისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდა და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის სიმბოლურად 1 ლარის გადახდა დაეკისრა.

მისი თქმით, ტელეკომპანია "იბერიას" გადაცემაში ქორეპისკოპოსმა იაკობმა ცილისმწამებლური განცხადება გააკეთა, სადაც მას ცილი დასწამა, რომ ის იყო მეუფე პეტრეს მაბეზღარა, იყო ჩანერგილი აგენტი გიორგი მამალაძისა და გირგვლიანის საქმეში.

"ასევე ცილი დამწამა, რომ ინფორმაცია მიმქონდა დათა ახალაიასთან, რაც მოსამართლემ ცილისწამებად ჩათვალა და დააკისრა ქორეპისკოპოს იაკობს ყველაფრის საჯაროდ უარყოფა, ისევე როგორც საჯაროდ დამდო ბრალი და ცილი დამწამა", - განაცხადა რამიშვილმა.

მორალური ზიანის ანაზღაურებას რაც შეეხება, მისივე თქმით, ერთი ლარი სიმბოლურად მოითხოვა, რადგან პატივი და ღირსება შეუფასებელია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე