პოლიტიკური ძალების მიერ ამ ტრაგედიის პოლიტიზირება კატეგორიულად მიუღებელია -განათლების სამინისტრო ია კერზაიას საქმეზე

საქართველო, თბილისი - 14:06 | 11.12.2018
ნანახია: 698

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილე ნათია ზედგენიძე-ჯიშკარიანმა განაცხადა, ცალკეული ძალებისგან ხდება ამ ტრაგედიის პოლიტიზირება.

„გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, პედაგოგის, ია კერზაიას გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახს. აქვე აღვნიშნავთ, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ ამ ტრაგედიის პოლიტიზირება კატეგორიულად მიუღებელია.

2012 წლიდან ხელისუფლებამ უზრუნველყო და მნიშვნელოვანი მიღწევა არის ის, რომ განათლების სისტემა არის დეპოლიტიზირებული და შესაბამისად, პოლიტიკური დღის წესრიგის საგნად იქცეს რომელიმე სასწავლო დაწესებულება, ეს არ იქნება დაშვებული“, - განაცხადა ზედგენიძემ.

მისი თქმით, განათლების სამინისტრო მზად არის, ყველა დაინტერესებულ მხარეს მიაწოდოს დოკუმენტაცია და ითანამშრომლოს სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა პასუხი გაეცეს ყველა შეკითხვას.

მისივე განმარტებით, შესაბამისი სამსახური სკოლებს რეგულარულად ამოწმებს ხარვეზების, გადაცდომების და სხვა დარღვევების აღმოფხვრის და რეაგირების მიზნით და სწორედ ასეთი სამუშაო ჩატარდა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაშიც. მისივე თქმით, სკოლის სამეურვეო საბჭო დაეთანხმა სამინისტროს მიერ მომზადებულ ანგარიშს დარღვევებისა და გადაცდომების შესახებ, თუმცა, დირექტორს თანამდებობა შეუნარჩუნა და არც განათლების სამინისტროს მიუღია მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება.

ცნობისთვის, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი, ია კერზაია გუშინ გარდაიცვალა.

ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა და მკურნალობას გადიოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც სკოლაში გენერალური ინსპექცია შევიდა.

სკოლის დირექტორი ამბობდა, რომ სკოლაში ინსპექციის შესვლა არჩევნებს უკავშირდებოდა.

კერზაია აბობდა, რომ რაც დირექტორმა პედაგოგების საარჩევნო პროცესში უკანონოდ ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე ინსპექციამ თბილისიდან ზუგდიდში ორი თანამშრომელი გაგზავნა და მეექვსე სკოლის შემოწმება დაავალა. შემოწმების დღეს რეგიონს წყალი არ მიეწოდებოდა და სკოლაშიც საპირფარეშოები იყო გაუმართავი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე