უმოკლეს ვადებში უნდა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი ზეწოლას - "რა? სად? როდის?" წევრი დეპუტატები კერზაიას საქმეზე

საქართველო, თბილისი - 11:00 | 11.12.2018
ნანახია: 659

ინტელექტუალური კლუბის "რა? სად? როდის?" წევრები, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ამავე კლუბის წევრის, ბაჩანა შენგელიას დედის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

ისინი მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო და განცხადებაში აღნიშნავენ, რომ საზოგადოებაში გაჩენილ კითხხვებზე პასუხის გაცემა მათთვის პრინციპულ აუცილებლობას წარმოადგენს.

მათი თქმით, უმოკლეს ვადებში უნდა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი ზეწოლას და ასეთის დადგენის შემთხვევაში, დამნაშავეები მკაცრად უნდა დაისაჯონ. ამავე დროს, ისინი მოითხოვენ, განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობამ მკაფიო პასუხი გასცეს შეკითხვას, თუ რატომ მოხდა მოქალაქის წერილის საფუძველზე ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ინსპექტირება მაინც და მაინც საარჩევნო პერიოდში, სახელდობრ პირველ და მეორე ტურებს შორის.

"9 დეკემბერს მოხდა ძალზე სამწუხარო ფაქტი: ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ღვაწლმოსილი პედაგოგი ია კერზაია, რომელიც ბოლო 11 წელი ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორად მუშაობდა. ვწუხვართ ახლობლებთან ერთად და გამძლეობას ვუსურვებთ ოჯახს.

ქალბატონი იას გარდაცვალებამ საზოგადოებაში გააჩინა შეკითხვები, რომლებზე პასუხის გაცემაც ჩვენთვის პრინციპულ აუცილებლობას წარმოადგენს.

სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ უმოკლეს ვადებში (მაქსიმალური ვადა - 1 თვე), შესაბამისმა უწყებამ უნდა ჩაატაროს გამოძიება, რომელიც დაადგენს ჰქონდა თუ არა ადგილი ზეწოლის ფაქტებს და ასეთის დადგენის შემთხვევაში, დამნაშავეები მკაცრად უნდა დაისაჯონ. ამავე დროს, განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობამ მკაფიო პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას, თუ რატომ მოხდა მოქალაქის წერილის საფუძველზე ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ინსპექტირება მაინც და მაინც საარჩევნო პერიოდში, სახელდობრ პირველ და მეორე ტურებს შორის. ვთვლით, რომ სამინისტროს მიერ უკვე გამოქვეყნებული განცხადება არასაკმარისად პასუხობს ამ შეკითხვას.

პასუხგაუცემელი კითხვები ხელს უწყობს საზოგადოებაში ნიჰილიზმის განცდას და აჩენს უნდობლობას სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების მიმართ. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პოზიცია გაზიარებული იქნება საპარლამენტო უმრავლესობაში და მოყვება დროული რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ლევან კობერიძე Facebook-ის პირად გვერდზე ავრცელებს.

განცხადებას ხელს აწერენ: გიორგი მოსიძე, გედევან ფოფხაძე, ირინა ფრუიძე და ლევან კობერიძე.

ცნობისთვის, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი, ია კერზაია გუშინ გარდაიცვალა.

ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა და მკურნალობას გადიოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც სკოლაში გენერალური ინსპექცია შევიდა.

სკოლის დირექტორი ამბობდა, რომ სკოლაში ინსპექციის შესვლა არჩევნებს უკავშირდებოდა.

კერზაია აბობდა, რომ რაც დირექტორმა პედაგოგების საარჩევნო პროცესში უკანონოდ ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე ინსპექციამ თბილისიდან ზუგდიდში ორი თანამშრომელი გაგზავნა და მეექვსე სკოლის შემოწმება დაავალა. შემოწმების დღეს რეგიონს წყალი არ მიეწოდებოდა და სკოლაშიც საპირფარეშოები იყო გაუმართავი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე