კონკურენციის სააგენტო: საქართველოს ყავის ბაზარზე დამაკმაყოფილებელი კონკურენტული გარემოა

საქართველო, თბილისი - 17:40 | 09.12.2015
ნანახია: 4526

საქართველოს ყავის ბაზარზე დამაკმაყოფილებელი კონკურენტული გარემოა, აღნიშნულ ინფორმაციას კონკურენციის სააგენტოს ავრცელებს. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2014 წლის ნოემბრიდან, სსიპ კონკურენციის სააგენტომ, საკუთარი ინიციატივით, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-172 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონკურენციის შეზღუდვისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტების გამოვლენისა და შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, დაიწყო ყავის სასაქონლო ბაზრის შესწავლა (მონიტორინგი), იმის გათვალისწინებით, რომ ყავაზე მოთხოვნა საქართველოში, საზღვარგარეთის სახელმწიფოების ანალოგიურად მაღალია, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით (თითქმის 450 მილიარდი ფინჯანი ყავა ისმევა ყოველ წელს, ხოლო ყოველდღიურად 1.5 მილიარდი) მასზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ნავთობის შემდეგ ის ყველაზე ფართო მოხმარების პროდუქტადაა მიჩნეული. ამასთან, ამერიკის მასშტაბით, საკვები პროდუქტების ბაზარზე, წყლისა და სოდიანი სასმელების შემდეგ, მას უკავია მე-3 პოზიცია (მე-4 ლუდია და მე-5 რძე).

ამასთან, საკითხის აქტუალობის კუთხით გააზრებისას, მხედველობაში იქნა მიღებული ამ ბაზრის ცალკეულ სუბიექტთა მიერ წინა წლებში გაკეთებული განცხადებები, ამ ბაზრიდან გასვლის მიზეზებთან დაკავშირებით (ბიზეს ჯგუფ ,,ლაქშარ გრუპი“-ს წარმომადგენელის (წყარო: ,,netgazeti.ge“) – „საქართველოში ყავის ბაზარზე დემპინგური ფასი და არაჯანსაღი კონკურენციაა, რის გამოც მათ ყავის ბიზნესი შეაჩერეს“).

აღნიშნულიდან გამომდინარე, კონკურენციის სააგენტოს მიერ ყავის სასაქონლო ბაზარზე განხორციელებული მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა ამ ბაზარზე არსებული ზოგადი მდგომარეობის მიმოხილვა, ბაზრების მოცულობის განსაზღვრა, არსებული კონკურენტული გარემოს შეფასება და გასატარებელი ღონისძიებების შემუშავება.

მონიტორინგის პროცესში დამუშავდა ოფიციალური მონაცემები და ინფორმაციები, რომლებიც გამოთხოვილ იქნა ბაზარზე მოქმედი სხვადასხვა ეკონომიკური აგენტებისგან და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებიდან, კერძოდ : საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური; სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო; სსიპ შემოსავლების სამსახური; სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო.

აღნიშნული უწყებებისაგან ასევე მიღებულ იქნა საკონსულტაციო სახის დახმარება. კონსულტაციები მიღებულ იქნა ყავის სასაქონლო ბაზარზე კონკრეტული კვლევების განმახორციელებელი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისაგან და იმ ეკონომიკური აგენტებისაგანაც, რომლებიც სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით საუბრობდნენ შესაბამის ბაზარზე არსებულ პრობლემებზე.

გარდა ამისა, კონკურენციის სააგენტომ, მონიტორინგის პროცესში, პირდაპირი და ელექტრონული ანკეტირების გზით, განახორციელა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ყავის 500-მდე მომხმარებლის და ყავის ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების გამოკითხვა.

მონიტორინგის ფარგლებში ასევე განხორციელდა ყავის მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარების მიმოხილვა, საქართველოს ყავის ბაზრის კონკურენტული გარემოს დახასიათება, ბაზარზე არსებული ძირითადი პრობლემებისა და ტენდენციების გამოკვეთა, კერძოდ: პროდუქციული და გეოგრაფიული ბაზრის იდენტიფიცირება; ბაზარზე მოქმედი სუბიექტების შესახებ ინფორმაციის დამუშავება; ბაზარზე არსებული კონცენტრაციის დონისა და სხვა მაჩვენებლების შეფასება; ბაზრებზე არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება.

შემოსული მასალების ანალიზის, მიღებული კონსულტაციებისა და გამოკითხვების შედეგად გაირკვა, რომ ხსნადი და ნალექიანი ყავის სახეობები არ წარმოადგენენ ურთიერთჩანაცვლებად პროდუქციას. შესაბამისად, კონკურენციის სააგენტომ დაადგინა ყავის ორი ძირითადი ბაზარი - ნალექიანი და ხსნადი ყავის ბაზრები. ამასთან, აღნიშნული ბაზრების გეოგრაფიულ საზღვრად დადგინდა საქართველოს ტერიტორია.

ქვეყანაში ყავის ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების და ძირითადი ტენდენციების გამოკვეთის მიზნით, სააგენტოს ხელთარსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან და შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაცია) შესწავლილ იქნა, ქვეყნის სასაქონლო ბაზარზე 2008 წლიდან 2015 წლის ივნისის თვის ჩათვლით არსებული მდგომარეობა. მოძიებული და დამუშავებული ინფორმაციის ანალიზმა ნათლად წარმოაჩინა, რომ 2008 წლიდან 2015 წლის ივნისის ჩათვლით ქვეყნის ყავის (ხსნადი/ ნალექიანი) სასაქონლო ბაზრებზე დამაკმაყოფილებელი კონკურენტული გარემო იყო და ბაზარიც დაბალ (ნალექიანი), ან ზომიერად (ხსნადი) კონცენტრირებული იყო.

ამასთან, ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს შეფასებისა და მისი მდგომარეობის განმსაზღვრელი ფაქტორების გათვალისწინებით, სააგენტომ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნატის „გ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, სსიპ ,,სურსათის ეროვნულ სააგენტოს“ განსახილველად სავალდებულო რეკომენდაციები წარუდგინა. რეკომენდაციები შეეხება ყავის პროდუქციის ფიტოსანიტარულ კონტროლს, მასში კონცენტრანტების შემცველობის მონიტორინგისა და პროდუქციის ეტიკეტირების წესის დაცვის საკითხებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე