არასრულწლოვანისთვის პიროტექნიკის მიყიდვა შესაძლოა, აიკრძალოს

საქართველო, თბილისი - 12:17 | 10.12.2018
ნანახია: 625

არასრულწლოვანისთვის პიროტექნიკის მიყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში ახალი კანონპროექტი დარეგისტრირდება.

მომზადებული პროექტის მიხედვით, პიროტექნიკური ნაკეთობის არასრულწლოვანისათვის მიყიდვა გამოიწვევს ფიზიკური პირის - 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 200 ლარით დაჯარიმებას. აღნიშნული ქმედების ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა კი, გამოიწვევს ფიზიკური პირის - 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 400 ლარით დაჯარიმებას.

კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს და საქმეებს იხილავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განაცხადა, რეგულაციის მთავარი მიზანი 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პიროტექნიკაზე წვდომის შეზღუდვაა.

„რეგულაციის მთავარი მიზანი არის, 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პიროტექნიკაზე წვდომის შეზღუდვა, რადგან თავიდან ავიცილოთ ტრავმატიზმი, რომელიც უკავშირდება პიროტექნიკის გამოყენებას. ეს იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი მშობლებისთვის, რომ ბავშვებისთვის არ შეიძლება პიროტექნიკაზე წვდომა“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: მარიამ ჯაში, სიმონ ნოზაძე, რევაზ არველაძე, გურამ მაჭარაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, სვეტლანა კუდბა, რატი იონათამიშვილი და ზაზა გაბუნია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე