სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დააპატიმრეს

საქართველო, თბილისი - 17:08 | 07.12.2018
ნანახია: 927

სომხეთის სააპელაციო სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის დაპატიმრების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა აიკ ალუმიანმა განაცხადა.

 „სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტაციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ჩვენი სარჩელი არ მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ ქოჩარიანს დააპატიმრებენ“, - განუცხადა ალუმიანმა ჟურნალისტებს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება 2008 წლის პირველ მარტს აქციის დარბევის საქმესთან დაკავშირებით გამოიტანა. 2018 წლის 26 ივლისს რობერტ ქოჩარიანს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრალი წაუყენა. მას კონსტიტუციური წესრიგის დამხობაში ადანაშაულებენ.
ქოჩარიანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. სააპელაციო სასამართლომ 13 აგვისტოს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და რობერტ ქოჩარიანი ორთვიანი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა.


2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც სერჟ სარგსიანმა გაიმარჯვა, მისი მოწინააღმდეგის, ლევონ ტერ-პეტროსიანის მომხრეები ქუჩაში გამოვიდნენ და კენჭისყრის შედეგების გადახედვა მოითხოვეს. ქოჩარიანმა, რომელიც იმ მომენტში პრეზიდენტის უფლებამოსილებას ასრულებდა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო და დემონსტრაციები დაშალა. შეტაკებების დროს 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 პოლიციელი, ათობით ადამიანი კი დაშავდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე