ჩეხეთის და ლიტვის ელჩები სოფელ სკრაში

საქართველო, თბილისი - 16:07 | 09.12.2015
ნანახია: 1816

გორის რაონის სოფელ სკრაში არსებული ნატოს ნდობის ფონდის პროექტის - „საქართველო IV“-ის მიმდინარეობას ნატოს უზრუნველყოფის სააგენტოს (NSPA), საქართველოს გენერალური შტაბისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გაეცნენ.

პროექტი 2008 წლის ომის დროს აფეთქებული შეიარაღების საცავის ნარჩენი საბრძოლო მასალებისგან სოფლის გაწმენდას ითვალისწინებს, იგი ნატოს უზრუნველყოფის სააგენტომ შარშან ზაფხულში დაიწყო. წამყვანი ქვეყნები ლიტვის და ჩეხეთის რესპუბლიკები არიან, თუმცა, მათ გარდა, პროექტის ბიუჯეტში წვლილი ნატოს წევრმა და პარტნიორმა თორმეტმა ქვეყანამ შეიტანა.

ნატოს უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლის გვანცა კვინიკაძის და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის, პოლკოვნიკ ომარ ბეგოიძის გარდა, სკრას ჩეხეთის რესპუბლის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ტომაშ პერნიცკი და ლიტვის რესპუბლიკის ელჩი გიედრიუს პუოძიუნასი ესტუმრნენ. მათ პროექტის მიმდინარეობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია პროექტის უშუალო შემსრულებლის - სსიპ სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტასა" და საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულის წარმომადგენლებისგან მიიღეს.

 „საქართველო IV“-ის განხორციელების შემდეგ სოფელ სკრის მაცხოვრებლებს მიმდებარე ტერიტორიის უსაფრთხოდ გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ. პროექტის ბიუჯეტი 1,6 მილიონ ევროს შეადგენს და ორ წელზეა გათვლილი. მისი ერთ-ერთი კომპონენტი საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულისთვის ტრენინგების ჩატარებას და აღჭურვილობის მიწოდებასაც ითვალისწინებს, რაც სკრის გაწმენდის პარალელურად, წარმატებით მიმდინარეობს.

 „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ნდობის ფონდის ეგიდით განხორციელებული პროგრამების ფარგლებში საქართველომ ნატოს უზრუნველყოფის სააგენტოსთან თანამშრომლობა 2002 წლის ივნისში დაიწყო. სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში წარმატებით განხორციელდა პარტნიორობა მშვიდობისათვის ნდობის ფონდის სამი პროექტი - ”საქართველო I“, ”საქართველო II“ და “საქართველო III“.

განაღმვითი სამუშაოების მიმდინარეობის გაცნობის შემდეგ ლიტვისა და ჩეხეთის ელჩები გორის სამხედრო ჰოსპიტალს ეწვივნენ, სადაც სამედიცინო-სარეაბილიტაციო განყოფილება დაათვალიერეს. აღნიშნული განყოფილებისთვის თანამედროვე აღჭურვილობა პროექტ "საქართველო-III"-ის ფარგლებში ჩეხეთის დაფინანსებით და მხარდაჭერით შეიძინეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე