ვროცლავში ქართული ფილმების ფესტივალი ჩატარდება

საქართველო, თბილისი - 14:32 | 09.12.2015
ნანახია: 1683

აჭარაში სილეზიის სავოევოდოს დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში დღეს სასტუმრო „ჰილტონში“ ორმხრივი შეხვედრები გაიმართა, რომლის ფარგლებშიც აჭარის რეგიონისა და სილეზიის სავოევოდოს წარმომადგენლებმა ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის პრეზენტაციები გამართეს.

პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, მინისტრთა კაბინეტი, პოლონეთის მარშალი, სეიმის დეპუტატები და დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრის დროს პოლონურმა მხარემ გააჟღერა ინიციატივა, რომელიც მათი მხრიდან იქნება მხარდაჭერილი. მათ შორის ქალაქ ვროცლავში ქართული ფილმების ფესტივალის ჩატარებისა და ქართველი ფოტოხელოვანების გამოფენის მოწყობის შესახებ .

აღსანიშნავია, რომ სილეზიის დედაქალაქი ვროცლავი ევროკავშირის ინიციატივით, გამოცხადებულია 2014 წლის ევროპის კულტურულ დედაქალაქად. სტატუსი ითვალისწინებს ყოველწლიურად რომელიმე ქალაქის არჩევას კონტინენტის კულტურული ცხოვრების ცენტრად, რათა ყურადრება მიაპყროს კულტურის განვითარებას. სილეზიის სავოევოდოს მხრიდან გაკეთდა შემოთავაზება ასევე თვითმმართველობების წარმომადგენლებთან გამოცდილების უშუალო გაზიარების შესახებ.

დღესვე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტსა და პოლონეთის ტურიზმის აკადემიას, ასევე ქალაქ ვროცლავის უმაღლეს საბანკო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია პედაგოგებისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების ამოქმედება, გამოცდილების გაზიარება და მომავალი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულოებით.

პოლონელი სტუმრები გაეცნენ სარფის საბაჟო გამშვები პუნქტისა და იუსტიციის სახლის მუშაობას, დაათვალიერეს გონიოს ციხე და ბათუმის ღირსშესანისნაობები. ქვემო სილეზიის სავოევოდოს ოფიციალური დელეგაცია აჭარაში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.

დელეგაციის შემადგენლობაში პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალთან ერთად სილეზიის სეიმის დეპუტატები, სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა არჩილ ხაბაძემ გამართა შეხვედრა პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალთან ცეზარ ფშიბილსკისთან.

შეხვედრაზე ორი რეგიონის მეთაურმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. პოლონეთის მხარემ აჭარის მთავრობას ევროკავშირის პროექტებისა და თავისუფალი ეკონომიკური ზონის მართვის გამოცდილება გაუზიარა. საქმიანი შეხვედრები გაიმართა ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და დეპუტატებთან, ტურიზმის დეპარტამენტისა და სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან.

პოლონელი სტუმრები აჭარიდან ხვალ გაემგზავრებიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე