გერმანიის მოქალაქეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის 15 წლით პატიმრობა შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 13:53 | 05.12.2018
ნანახია: 740

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის ბრალდებული, გერმანიის მოქალაქე ლ.ა. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ლ.ა.-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - 1039,9649 გრ. „მდმა" (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), 27,86115 გრ. „ამფეტამინი", 2,5518 გრ. „ბუპრენორფინი" და 38,099495 გრ. კოკაინი (მარილი), საიდანაც 21,8673 გრ. „მდმა" , 8,3 გრ. „ამფეტამინი" და 5,3357 გრ. კოკაინი (მარილი) უკანონოდ გაასაღა ნ.ჩ.-ზე, ხოლო ნაწილს ინახავდა თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში.

"აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები პოლიციის თანამშრომლების მიერ, 2018 წლის წლის 14 მარტს, ქ.თბილისში ნ.ჩ.-ს პირადი და საცხოვრებელი ბინის და ლ.ა.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკების შედეგად ამოიღეს.

ლ.ა-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მეექვსე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე