მძღოლებს ნარკოტიკებზე სპეციალური ტესტებით ადგილზე შეამოწმებენ

საქართველო, თბილისი - 11:18 | 05.12.2018
ნანახია: 808

საქართველოში 2019 წლის აპრილიდან მძღოლებს ნარკოტიკების მოხმარებაზე სპეციალური ტესტებით ადგილზე შეამოწმებენ,  - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირაში დაამტკიცა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც, მათ შორის, ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ავტომობილის ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში მართვისთვის. ეს დაისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე პატიმრობით

„რომ არ გამოვიყენოთ არაჰუმანური მეთოდები, რომლებიც ბევრ უკმაყოფილებას იწვევდა, ვნერგავთ სპეციალურ ტესტებს. 1 აპრილიდან გამოვიყენებთ მას მძღოლების შემოწმებისთვის, რაც მოგვცემს საშუალებას, დავადგინოთ, მართავს თუ არა მძღოლი ავტომობილს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ამგვარად, პოლიციას არ მოუწევს მძღოლების ლაბორატორიაში გადაყვანა, რათა მათ ნარკოტიკების შემოწმებისთვის ანალიზი ჩააბარონ.

სანამ შესწორებები ამოქმედდება, ნარკოტიკული თრობის ქვეშ ავტომობილის მართვა ადმინისტრაციული წესით - მართვის უფლების ჩამორთმევით ისჯება.

საქართველოს პარლამენტმა 30 ნოემბერს მესამე მოსმენით დაამტკიცა შსს-ს კანონპროექტი, რომელიც მარიხუანის მოხმარებას ეხება. აღნიშნული კანონით, იკრძალება მარიხუანის მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე; ნარკოტიკების მოხმარების მავნე ზეგავლენისგან მოზარდების დასაცავად, მარიხუანის მოხმარება იკრძალება 21 წლამდე ასაკის პირებისთვის; ამასთან, 21 წლამდე პირის დაყოლიება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე სისხლის სამართლის დანაშაულია; მარიხუანის მოხმარება აკრძალულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ისე კერძო სექტორში მომუშავე პირებისთვის; მარიხუანის მოხმარებისთვის ახალი კანონი ითვალისწინებს სამოქალაქო უფლებების, მათ შორის, გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის პროფესიული საქმიანობის უფლების ჩამორთმევას; გაიზარდა სანქცია ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის, მარიხუანის მოხმარების პოპულარიზაციის ან რეკლამირებისთვის; სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალებების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის, მარიხუანის კლინიკური ზემოქმედების ქვეშ. კანონპროექტით არ შეცვლილა მარიხუანის ფლობის და გასაღების მიმართ არსებული რეგულაცია.

შსს-ს ზემოაღნიშნული კანონპროექტი მას შედეგ მოამზადა, რაც 30 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარება ლეგალურად ცნო. საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება კონსტიტუციის შესაბამისია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოხმარების კონკრეტული ფაქტი ქმნის საფრთხეებს მესამე პირებისთვის.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე