როგორ შეიძლება, ამათ იმ ჟანგიანი იარაღით დაეგეგმათ რევოლუცია, რაც ქართულმა სუს-მა ჩაუდო - სემიონ სემენჩენკო

საქართველო, თბილისი - 14:17 | 04.12.2018
ნანახია: 1173

რუსული პროპაგანდა აქაც რუსულია. მსურს, ქართველები დაფიქრდეთ, როგორ შეიძლება, ამათ იმ ჟანგიანი იარაღით დაეგეგმათ რევოლუცია, რაც ქართულმა სუს-მა ჩაუდო, ეტყობა, მეტი რესურსი არ ჰქონდათ, მოეწყოთ რევოლუცია,– ამის შესახებ რადას დეპუტატმა სემიონ სემენჩენკომ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში უკრაინის მოქალაქეების დაკავების შესახებ განუცხადა.

„რუსული პროპაგანდა აქაც რუსულია. მსურს, ქართველები დაფიქრდეთ, როგორ შეიძლება, ამათ იმ ჟანგიანი იარაღით დაეგეგმათ რევოლუცია, რაც ქართულმა სუს-მა ჩაუგდო, ეტყობა, მეტი რესურსი არ ჰქონდათ, მოეწყოთ რევოლუცია. ჩვენ გვინდა, საქართველო და უკრაინა მეგობრობდნენ. არ გვსურს, ბიჭებს ასეთი შთაბეჭდილება დარჩეთ ქვეყანაზე, სადაც სტუმრად ჩამოვიდნენ. 2014-2015 წელს ეს ადამიანები იცავდნენ უკრაინას, ახლა ისინი იქ ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან. ამის შემდეგ, ბევრი უკრაინელი დაფიქრდება, ჩამოვიდეს თუ არა აქ დასასვენებლად. ეს ბიჭები დასასვენებლად იყვნენ ჩამოსული“ - განაცხადა სემენჩენკომ.

მისი თქმით, ქართულ პოლიტიკაში არასდროს ერეოდა და სიმართლის გარკვევის იმედი აქვს.

„ლუკა ჩხეტია მეგობრებთან ერთად ზუგდიდში მიდიოდა, რონალდ მელოა აბაშაში, მამის საფლავზე. მე ჩამოვედი როგორც დამკვირვებელი, ისინი როგორც მოქალაქეები. იარაღის მიგდება და ვითომ რამეს გეგმავდნენ, არასწორია. ქართულ პოლიტიკაში არასდროს ვერეოდი. გამიხარდება, რომ სიმართლე გაირკვეს. არ მინდა, მჯეროდეს, რომ აქაც რუსული პროპაგანდაა. ვინც ამბობს, რომ მეც მიჭერდნენ, საძაგელი ქურდია. ვინმემ მომმართა? მე და ჩემი ცოლი სასტუმროში ვიყავით, ჩემთან არავინ მოვიდა. მე მოვუყვებოდი პოლიციას, სად იყვნენ ეს ბიჭები. მინდა, რომ ეს ბიჭები გაათავისუფლონ. მინდა, რამენაირად მაინც დავეხმარო მათ“, – განაცხადა სემიონ სემენჩენკომ.

თბილისის საქალაქო სასამართლო თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  2 დეკემბერს, ორ სასტუმროში სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე