ის, რომ უკრაინის მოქალაქეებს ოპოზიციის აქციასთან კავშირი ჰქონდათ, ეს მხოლოდ ეჭვია, თუმცა გამოძიება მიმდინარეობს - გახარია

საქართველო, თბილისი - 12:41 | 04.12.2018
ნანახია: 692

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ უკრაინის 6 მოქალაქის დაკავების შესახებ კომენტარი გააკეთა. ჟურნალისტის კითხვაზე ჰქონდათ თუ არა უკრაინელებს კავშირი 2 დეკემბრის აქციასთან და ოპოზიციურ ძალასთან, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ რა თქმა უნდა ეჭვები არსებობს, თუმცა გამოძიება მიმდინარეობს და მის შედეგებს უნდა დაველოდოთ.

„ჩვენ კოლეგებთან ერთად, უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ვმუშაობთ, ვნახოთ რა შედეგები დადგება. რა თქმა უნდა ვადგენთ. ეს არის პროცესი და ეს არის ამასთან ერთად ძალიან საპასუხისმგებლო გამოძიება. ჩვენ თითოეულ ნაბიჯს და სიტყვას ვზომავთ. ასეთი ეჭვები არსებობს,  მათივე განცხადებებიდან, რომლებიც მათ გააკეთეს, მათ შორის დაკითხვების დროსაც, მათივე ვიზიტებიდან სხვადასხვა აქციებზე, მათ შორის. მე მინდა გითხრათ, რომ ეს დღეს მხოლოდ ეჭვია. დღეს გვაქვს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე, სად მიგვიყვანს ეს გამოძიება ვნახავთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები. აქედან გამომდინარე და ამ პოლიტიკური პროცესების სენსიტიურობიდან გამომდინარე, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარეობს, თითოეულ სიტყვას ძალიან ფრთხილად ვზომავთ. გამოძიების პროცესში ვართ და როგორც კი კონკრეტული შედეგები გვექნება, პირველი თქვენ გაიგებთ. დღეის მდგომარეობით გამოძიება მიმდინარეობს და არის მოტივის გამოკვეთის ეტაპზე. როგორც ფაქტი ჩვენ გვაქვს ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ჰქონდათ ჯგუფური ვიზიტით, 27 ნოემბერს საქართველოში ჩამოსულ უკრაინის მოქალაქეებს. ეს არის ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დღეს მე შემიძლია გითხრათ.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე