მეწარმეობის განვითარების სააგენტო 2015 წლის საექსპორტო აქტივობებს აჯამებს

საქართველო, თბილისი - 13:24 | 09.12.2015
ნანახია: 1456

დღეს სამუშაო შეხვედრის ფორმატით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობის კუთხით განხორციელებულ აქტივობებს შეაჯამებს და 2016 წლის განმავლობაში დაგეგმილ ღონისძიებებს განიხილავს.

 შეხვედრის ფარგლებში, მონაწილე საექსპორტო კომპანიების წარმომადგენლებს ეძლევათ შესაძლებლობა უშუალოდ სააგენტოსთან ერთად შეაფასონ ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამა და განხორციელებული ღონისძიებები, ამასთანავე, დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრება დაგეგმილ საერთაშორისო ღონისძიებებთან დაკავშირებით. შეხვედრის ფორმატი ითვალისწინებს კითხვა-პასუხის რეჟიმში 2016 წლის გეგმების დეტალურ განხილვას.

ღონისძიება 9 დეკემბერს, სასტუმროში „Rooms Hotel Tbilisi“, 17:00 საათზე გაიმართება, რომელსაც მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, ანა კვარაცხელია, ექსპორტის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი, გვანცა მელაძე და საქართველოში შვეიცარიის კონსული/მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ფლორიან გუბლერი დაესწრებიან.

 2015 წელი მეტად პროდუქტიული და წარმატებული აღმოჩნდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამით მოსარგებლე კომპანიებისათვის. წლის დასაწყისიდან მოყოლებული სააგენტოს მხარდაჭერით 9 ქვეყანაში 7 საერთაშორისო გამოფენასა და 8 საერთაშორისო ფორუმსა თუ სავაჭრო მისიას 113 მონაწილე დაესწრო საქათველოს მხრიდან. გეოგრაფიული არეალი მოიცავდა შემდეგ ქვეყნებს: არაბთა გაერთიანებული ემირატები, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, სლოვაკეთი, აშშ, ლატვია, პოლონეთი, გერმანია და ესპანეთი. შედეგად გაფორმებული კონტრაქტების ღირებულებამ 15 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

სააგენტოს მთავარ მიზანს წარმოადგენდა კომპანიების ხელშეწყობა გრძელვადიანი ბიზნეს კონტაქტების დამყარების კუთხით და კონკრეტული შეკვეთების მიღება.

ამასთანავე, ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებების მუდმივად  ორგანიზებითა და გამოფენებში მონაწილეობით სააგენტო ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას და სათანადო პლატფორმას ქმნის ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენისა თუ კონტაქტების დამყარების კუთხით, რომლის შედეგადაც არაერთმა ეროვნულმა კომპანიამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, გააფორმა ექსპორტის ხელშეკრულება და პოზიციები გაიმყარა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე