„გვაქვს კონგრესის სრული მხარდაჭერა“ - თინათინ ხიდაშელი

საქართველო, თბილისი - 11:14 | 09.12.2015
ნანახია: 1739

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის მეორე დღეს თინათინ ხიდაშელი კონრესმენებს - მაიკ კონავეის, მაკ ტორნბერს, ადამ სმიტს, ჯეფ მილერსა და სენატორებს - ჯონი ისაკსონსა და დევიდ პერდიუს შეხვდა.

კონგრესმენებმა და სენატორებმა დიდი დაინტერესება გამოხატეს საქართველოში და ზოგადად რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და მადლობა გადაუხადეს ქართულ მხარეს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. ყველა შეხვედრაზე აღინიშნა კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ნატოში ინტეგრაციის საკითხების მიმართ.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა სენატორებსა და კონგრესმენებს 2016 წლის აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შეტანილი საქართველოს მხარდამჭერი ცვლილების გამო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის ინიცირებისათვის.

შეხვედრებზე ისაუბრეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესზე, შეაფასეს თავდაცვის ბოლო მინისტერიალი და განიხილეს კონგრესის მხრიდან აღნიშნულ საკითხისადმი უფრო აქტიური მხარდაჭერის პრაქტიკული შესაძლებლობები. ხაზი გაესვა ალიანსის წევრებს შორის აშშ-ის ლიდერობას საქართველოს საკითხზე კონსენსუსის მიღწევის კუთხით.

მხარეებმა თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრების მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, რომ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში აქტიური წვლილის შეტანის მიზნით, აშშ-ის ადმინისტრაციასთან მუშაობა გააძლიერონ.

„მნიშვნელოვანია მუდმივად განახლებული ინფორმაცია მოდიოდეს ჩვენს მეგობრებთან როგორც სენატში, ასევე წარმომადგენელთა პალატაში. ამას ჩვენი ხელისუფლება დიდ ყურადღებას უთმობს. შეუძლებელია, ვიყოთ ვაშინგტონში და რამდენიმე დღე არ დავუთმოთ ჩვენს ძველ, ყველაზე ერთგულ პარტნიორებთან კომუნიკაციას. ძირითადად საუბარი გვქონდა იმ შესაძლებლობებზე, რომელიც პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხით შეიძლება გადაიდგას კონგრესის მხრიდან, კონკრეტულ საკანონმდებლო აქტებზე, რომელიც შეიძლება მიიღონ აქ, ამ შენობაში და დაეხმაროს საქართველოს ერთი მხრივ რეფორმების უფრო წარმატებით განხორციელებაში, მეორე მხრივ კი პრაქტიკული ინსტრუმენტების შექმნაში, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და ჩვენი შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის მაქსიმალური სტანდარტის მიღწევაში.
გვაქვს სრული ორპარტიული მხარდაჭერა - დემოკრატებიც, რესპუბლიკელებიც თანაბარი ენთუზიაზმით გვხვდებიან. დარწმუნებული ვარ, რომ ვარშავისკენ მიმავალ გზაზე ეს მხარდაჭერა უკვე პოლიტიკურ დოკუმენტებსა და კონგრესის მიერ მიღებულ აქტებში იქნება გამოხატული,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

თინათინ ხიდაშელმა კონგრესმენები და სენატორები საქართველოში ვიზიტით მოიწვია, რაც პოლიტიკური მხარდაჭერის კიდევ ერთი დემონსტრირება იქნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე