თუ ვინმე შეეცდება დესტაბილიზაციის მოწყობას, კანონის ძალით გაეცემა პასუხი - პრემიერი

საქართველო, თბილისი - 13:15 | 30.11.2018
ნანახია: 650

თუ ვინმე შეეცდება დესტაბილიზაციის მოწყობას, ყველა ასეთ მცდელობას კანონის ძალით გაეცემა პასუხი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

„მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ამ გამარჯვებას და ქართველი ხალხის არჩევანს ჩრდილს ვერავინ მიაყენებს. არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების ყველა მცდელობა განწირულია დამარცხებისთვის. რა თქმა უნდა, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც კონსტიტუციით და კანონით არის დაცული, მაგრამ ამავე დროს, თუ ვინმე შეეცდება დესტაბილიზაციის მოწყობას, ყველა ასეთ მცდელობას კანონის ძალით გაეცემა პასუხი“, - განაცხადა ბახტაძემ და აღნიშნა, რომ ორმა მილიონმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში გვაყავს მაღალი პასუხისმგებლობის საზოგადოება, შესაბამისად, ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს.

„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უპასუხისმგებლო ლიდერების გამო საფრთხე დაემუქროთ მათ.  ჩვენ არ დავუშვებთ  რევოლუციურ და რევანშისტულ სცენარებს და არეულობის შემოტანის მცდელობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სახელმწიფო დაიცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას“, - განაცხადა ბახტაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე