მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაზაფხულზე გაიმართება

საქართველო, თბილისი - 10:21 | 29.11.2018
ნანახია: 707

თბილისში, მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება. მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი მეცხრე მოწვევის პარლამენტში სალომე ზურაბიშვილია, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში იყარა კენჭი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამ დროის მონაცემებით, არჩევნებში იმარჯვებს.

შესაბამისად, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდება. საარჩევნო კოდექსის თანახმად, პარლამენტის უახლოესი შუალედური არჩევნები აპრილში გაიმართება. ცესკომ კენჭისყრის ზუსტი თარიღი არჩევნებამდე არაუგვიანეს ორი თვით ადრე უნდა გამოაცხადოს. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დათვლილია საარჩევნო უბნების 99.7 პროცენტი, რომლის შედეგებით, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 59.56 პროცენტი მიიღო, რაც რაოდენობრივად 1 146 063 ხმაა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი – ამომრჩეველთა ხმების 40.44 პროცენტი, რაც 778 167 ხმას შეადგენს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე