ცესკო-ს ინფორმაციით, 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 19.6% შეადგინა

საქართველო, თბილისი - 13:30 | 28.11.2018
ნანახია: 677

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 19.6% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 648 551 ამომრჩეველია.

მისივე ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესი ყველასთვის ხელმისაწვდომ და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

ცნობისთვის, არჩევნების პირველ ტურში 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 15.95% იყო, რაც რაოდენობრივად 558 755 ამომრჩეველია.

დღეს, 28 ნოემბერს, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საქართველოს მოქალაქეები ექვსწლიანი ვადით მეხუთე პრეზიდენტს აირჩევენ.მეორე ტურში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658. ცესკოს მონაცემებით, პირველ ტურში ამომრჩეველთა რაოდენობა  3 518 877-ს შეადგენდა. არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 3 703 საარჩევნო უბანი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია.არჩევნებს აკვირდება საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი, 48 500-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 2 300-მდე ჟურნალისტი.  საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.

ეს ბოლო არჩევნები იქნება, როდესაც სახელმწიფოს მეთაურს პირდაპირი გზით აირჩევენ. პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან კი  კონსტიტუციის ახალი რედაქცია თავისი ერთ-ერთი წინააღმდეგობრივი ცვლილებით – პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესით,  შევა ძალაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე