ტრამპმა პუტინთან შეხვედრა, ქერჩის სრუტეში მომხდარი მოვლენების გამო, შეასძლოა, ჩაშალოს

საქართველო, თბილისი - 11:55 | 28.11.2018
ნანახია: 644

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არგენტინაში რუსეთის ლიდერთან ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა, შესაძლოა, გააუქმოს.

ჯერ კიდევ დღეს, თეთრი სახლის პრეს მდივანი სარა სანდერს ბუენოს აირესში G-20-ის სამიტის ფარგლებში ტრამპისა და პუტინის მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ საუბრობდა.

ტრამპმა შეხვედრის  შესაძლო გაუქმების მიზეზად ქერჩის სრუტეში მომხდარი მოვლენები დაასახელა, რომლის დროსაც რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამხედრო გემებს ცეცხლი გაუხსნეს, დაჭრეს 6 ჯარიკაცი, 23 მეზღვაური კი დაატყვევეს.

გაზეთ Washington Post-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით ელოდება ეროვნული უსაფრთხოების სრულ ანგარიშს ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის შესახებ.

ტრამპის თქმით, ამ ანგარიშს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

 „შესაძლოა, პუტინთან შეხვედრა არ გავმართო. მე არ მომწონს ეს აგრესია. მე სრულებით არ მჭირდება ასეთი აგრესია“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ნოემბრის შუა რიცხვებში ასვე ჩაიშალა ტრამპისა და პუტინის შეხვედრა პარიზში, სადაც ორი ქვეყნის ლიდერი პირველი მსოფლიო ომის დამთავრების 100 წლისთავთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ. შეხევდრა რამდენიმე კვირას განიხილებოდა, თუმცა მაინც არ შედგა.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე