„ქორთიარდ მარიოტში“ ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მაღალი დონის კონფერენცია გაიამრთა

საქართველო, თბილისი - 14:55 | 08.12.2015
ნანახია: 1783

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მაღალი დონის კონფერენცია გაიხსნა. ფორუმი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა იანოშ ჰერმანმა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ გახსნეს. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ. მან ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო მისიებში ქართული კონტინგენტის კონტრიბუციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სექტემბრიდან საქართველო ევროკავშირის სამოქალაქო მისიებშიც ჩაერთვება. ანა დოლიძის განცხადებით, საქართველო მზადა არის, ამ მხრივ, პარტნიორ ქვეყნებს ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს.

„ევროპას უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს. ყველას ახსოვს 13 ნოემბრის ტრაგედია პარიზში, მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი 13 ივნისის ტრაგედია - ორივე კრიზისული მოვლენა იყო. უსაფრთხოება, კრიზისების მართვა ძალიან მწვავე საკითხია ევროპაშიც და მის სამეზობლოშიც. სასიამოვნოა, რომ ასეთი ტიპის მაღალი დონის კონფერენცია  პირველად იმართება საქართველოში. საქართველო არა მხოლოდ ცოდნის მომხმარებელია, არამედ, მიმწოდებელიც. შესაბამისად, აქ წარმართული დიალოგი მისასალმებელია და, დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის პოლიტიკის ფორმირებისათვის აუცილებლად გამოგვადგება,“ - აღნიშნა ანა დოლიძემ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ.

იანოშ ჰერმანმა საქართველოში მაღალი დონის კონფერენციის ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს წვლილი მიმდინარე სამშვიდობო მისიებში: „ჩვენ ვაფასებთ საქართველოს კონტრიბუციას ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში. საქართველოს შემთხვევა განსაკუთრებულია, რადგან ქართული სამხედრო კონტინგენტი არა მხოლოდ ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე ოპერაციებშია ჩართული, არამედ,  საქართველო თავადაც მასპინძლობს ევროკავშირის მისიას საკუთარ ტერიტორიაზე გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე. თბილისი შესანიშნავი ადგილია მსგავსი სახის კონფერენციებისთვის. ახლახან მივიღეთ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მიმოხილვის დოკუმენტი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორებთან რეგიონულ პოლიტიკას განსაზღვრავს. დოკუმენტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ახალი ელემენტი სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიმართულებაა. ინტენსიური მსჯელობა მიმდინარეობს, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების გაზრდის მიზნით. ევროკავშირის სივრცეში დღეს ორმაგი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ვფიქრობ, ეს კონფერენცია ნამდვილად დროულად იმართება და დარწმუნებული ვარ, რომ  ჩემ მიერ ჩამოთვლილი ყველა საკითხი კონფერენციაზე განიხილება.“

სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში თავდაცვისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ტერორიზმის, ჰიბრიდული საფრთხის, კიბერუსაფრთხოებისა და მიგრაციის საკითხებზე, ასევე, ევროკავშირის ეგიდით მსოფლიოს მასშტაბით განხორციელებულ სამხედრო და სამოქალაქო მისიებზე, ამ მისიებში საქართველოს მონაწილეობისა და მიღებული გამოცდილების შესახებ  იმსჯელებენ.

ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მაღალი დონის კონფერენციას საქართველო პირველად მასპინძლობს. საერთაშორისო ფორუმი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად დაიგეგმა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ორგანიზებით ტარდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე