ყალბი პირადობის მოწმობის შესაძლო ბეჭდვასთან დაკავშირებით წალენჯიხის ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

საქართველო, თბილისი - 12:40 | 22.11.2018
ნანახია: 840

ყალბი პირადობის მოწმობის შესაძლო ბეჭდვასთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წალენჯიხის ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი არკადი ფიფია მივიდა.

უწყებაში შესვლამდე არკადი ფიფიამ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა, მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მივლინებაში ნამდვილად იმყოფებოდა. „მივლინებაში ვარ ოფიციალურად, ამას ვადასტურებ“, – განაცხადა ფიფიამ.

სამი არასამთავრობო ორგანიზაციის – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ სააგენტოს მიერ სავარაუდოდ, ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ამასთან, სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ამტკიცებდა, რომ წალენჯიხასა და გარდაბანში ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელები მივნილებაში გაუშვეს და მათ ადგილას „სანდო” პირები მიავლინეს.

სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე