იაგო ნებიერიძის ჩვენების ფარგლებში გორის პარკის ტერიტორიაზე აღებული დოკუმენტური მასალის დამუშავება მიმდინარეობს - კახა საბანაძე

საქართველო, თბილისი - 16:57 | 21.11.2018
ნანახია: 822

გორში, ახალბაღის ტერიტორიაზე განხორციელებული სამძებრო სამუშაოების შედეგად აღებული დოკუმენტური მასალის დამუშავება მიმდინარეობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ განუცხადა.

მისი თქმით, 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის საქმეზე, ბრალდებული იაგო ნებიერიძე გამოიკითხა და მისი ჩვენების საფუძველზე საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა.

„2004 წლის საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა ბრალდებული იაგო ნებიერიძე. მოგვცა დამატებითი ჩვენება. ჩვენების ფარგლებში ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, დათვალიერდა მითითებული ადგილი. აღებულ იქნა დოკუმენტური მასალა და მიმდინარეობს დამუშავება“, – აღნიშნა საბანაძემ.

გორში, ახალბაღის ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ სამართალდაცველები მუშაობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია სავარაუდოდ, 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის ცხედარს ეძებდა.

იაგო ნებიერიძე გორში ცხრა წის გოგონას მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული. ის 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის საქმეშიც ფიგურირებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე