ყოველწლიურად კომერციული ბანკები ისედაც ახდენენ მსგავსი სესხების ჩამოწერას - რომან გოცირიძე

საქართველო, თბილისი - 14:52 | 19.11.2018
ნანახია: 1154

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის რომან გოცირიძის განცხადებით, ე.წ შავ სიაში მყოფი მოქალაქეებისთვის ვალების განულებაზე პრემიერ მინისტრის დღევანდელი განცხადება ამომრჩევლის მოსყიდვაა, ხოლო მილიარდნახევრის ჩამოწერა - ბლეფი. მისი თქმით, უიმედო ვალებს კომერციული ბანკები ყოველწლიურად ისედაც ანულებდნენ.

"გაუგებარია მთავრობის ინიციატივა ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით. ან მთავრობა რა შუაშია, თუ ამას ”ქართუ” აკეთებს? ან ქართუ რას აკეთებს, ვინმემ გაიგო?

საუბარია 2 ათას ლარამდე უიმედო სესხების ჩამოწერაზე. ყოველწლიურად კომერციული ბანკები ისედაც ახდენენ მსგავსი სესხების ჩამოწერას. შარშან 70 მილიონი ლარი ჩამოაწერეს. ბოლო ათ წელიწადში საშუალოდ 50 მილიონი ლარის ოდენობის უიმედო ვალის ჩამოწერა ხდება ყოველწლიურად. როგორც ჩანს, კომერციულ ბანკებს წაეშველება ქართუ რამდენიმე ათეული მილიონით. ზღაპარია მილიარდნახევარ ლარზე საუბარი. უნდათ რაღაც იდეის წინასაარჩევნოდ შეფუთვა" - წერს გოცირიძე Facebook-ში და კითხულობს რომელი დაპირება შესრულდა:

„600 მილიონი ევროს ღირებულების სიმსივნის თერაპიის ცენტრი? 500 მილიონი ევროს ღირებულების ქუთაისის უნივერსიტეტი? ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის აგრარული უფასო ფულის ფონდი? 120 მილიონი დოლარის ღირებულების სოფლის საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა?

"ასეთივე ბლეფია მილიარდნახევრის ჩამოწერა. თავი ფული რამდენჯერმე ნაკლებია და უიმედო სესხების ჩამოწერა ბანკებთან ერთად ქართუს მონაწილეობით მორიგი საარჩევნო ტრიუკია. 
პირველ ტურამდე რატომ არ გააკეთეს? კარგი ყოფილა სახელისუფლებო კანდიდატის წაგება. მეორე ტურში რომ წააგებს, იქნებ მართლა დაიწყოს ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა? პრემიერ მინისტრის დღევანდელი განცხადება არის ამომრჩევლის მოსყიდვა, მაგრამ ხმასაც კი არ ამოვიღებთ, ოღონდ რაიმე გააკეთონ. როცა სინამდვილე გაირკვევა, აღმოჩნდება, რომ ისე არ წვიმს, როგორც ქუხს" - წერს გოცირიძე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე