ენზელ მკოიანი აგრძელებს ჩვენთან ერთად ბრძოლას და საქმიანობას ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის - თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 17:00 | 02.11.2018
ნანახია: 634

რამდენიმე დღეა გრძელდება პერსონალური შეტევა ჩვენს კოლეგაზე, უმრავლესობის და პარლამენტის წევრზე ენზელ მკოიანზე, რომელიც წარმოადგენს პარლამენტში სამცხე-ჯავახეთის რეგიონს. ოპოზიციას აქვს გაუგებარი მოთხოვნები, თითქოს მას იმუნიტეტი უნდა მოხსნას, ან უფლებამოსილება შეუწყდეს. მინდა პირდაპირ გიპასუხოთ: არანაირი იმუნიტეტის, არანაირი უფლებამოსილების მოხსნა არ იქნება მასთან მიმართებაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლეობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ენზელ მკოიანი აგრძელებს ჩვენთან ერთად ბრძოლას და საქმიანობას ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ კიდევ უფრო კარგი შედეგები გვექნება მეორე ტურში სამცხე -ჯავახეთში. ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გაღიზიანება, მათი მხრიდან თავდასხმები გამოიწვია იმან, რომ ენზელ მკოიანმა და ჩვენმა გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“ სამცხე-ჯავახეთში ძალიან მაღალი შედეგები აჩვენა.

მე მინდა თავად ფაქტსაც გამოვეხმაურო, რაზეც ეს კამპანია ააგო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გრიგოლ ვაშაძის შტაბმა - რეალურად, ჩანაწერებით. გამოძიება დაწყებულია, დიდი იმედი მაქვს რომ აბსოლუტურ სიმართლეს დაადგენს გამოძიება, მაგრამ, ამოღებული ჩანაწერებით, რომელიც ბენზინგასამართი სადგურის კამერებმა აჩვენეს, ნათლად ჩანს, რომ სწორედ ვაშაძის მხარდამჭერების მხრიდან იყო უმძიმესი პროვოკაცია, შეურაცხყოფა, პლაკატების ჩამოხევა და დემონსტრაციული ესკალაცია ძალადობის. შესაბამისად, მოვუწოდებ სამართალდამცავებს, რომ ძალიან დიდი ყურადღებით, ასევე სხვა გარემოებებთან ერთად, შეაფასონ ეს გარემოებაც.

ჩვენ ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას. ჯველამ ნახეთ მშვიდად ჩატარდა არჩევნები საქართველოში. ძალადობა არის ის მეთოდი, რომელითაც თავის დროზე მუშაობდა ნაციონალური მოძრაობა და არასოდეს „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება არ უცდია ძალადობით. შესაბამისად, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, თუ როგორ ხდება რეალურად ამ პროცესების ინსპირირება", - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიციის ინფორმაციით, ახალქალაქში მათი ოთხი აქტივისტი სცემეს. მათივე ინფორმაციით, საარჩევნო შტაბს თავს დაესხა ჯგუფი, დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმის ხელმძღვანელობით.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე