კანაფის კულტივაციაზე კანონპროექტის გაწვევა არჩევნებსაც უკავშირდება – ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 14:28 | 02.11.2018
ნანახია: 568

ეს გადაწყვეტილება, შემიძლია გითხრათ, არჩევნებსაც უკავშირდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტებმა პარლამენტის თავმჯდომარეს იმის თაობაზე დაუსვეს კითხვა, ხომ არ უკავშირდება აღნიშნული გადაწყვეტილება არჩევნებს. კობახიძის თქმით, ამ არჩევნებმა ხელისუფლებას საზოგადოების განწყობა აჩვენა და მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ის ხელისუფლებაა, რომელიც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება საზოგადოების განწყობას.

„ჩვენ იმთავითვე განვაცხადეთ, რომ გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული ფართო კონსენსუსის საფუძველზე. არჩევნებსაც უკავშირდება, შემიძლია გითხრათ. კერძოდ, გუშინ როდესაც ქალბატონი სალომე მის პოზიციასთან დაკავშირებით საუბრობდა, მან თავისი პოზიცია დაასაბუთა იმ შეხვედრებით, რომელსაც ის საარჩევნო პროცესში რეგიონებსა თუ ქალაქებში ატარებდა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ არჩევნებმაც გვაჩვენა დამატებით ის განწყობა, რომელიც არის ჩამოყალიბებული საზოგადოებაში და რა თქმა უნდა, ესეც გახდა გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ ის, რაც არაერთხელ დაგვიმტკიცებია, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, ამას დავაკონკრეტებ, ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება, რა თქმა უნდა, საზოგადოების განწყობას, საზოგადოების მიმართ დამოკიდებულება არის ჩვენი პასუხისმგებლობით აღსავსე და ამან განაპირობა საბოლოოდ ამ გადაწყვეტილების მიღება,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე