საარჩევნო უბნებზე მოსყიდვების დამადასტურებელი მასალა გვაქვს - გიორგი ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 16:01 | 28.10.2018
ნანახია: 570

„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლების მოსყიდვის დამდასტურებელი მასალა აქვს.

მისი თქმით, ხელვაჩაურში „ქართული ოცნების“ აქტივისტები მანქანებში არიან მობილიზებულები და ყიდულობენ ხმებს.

„საარჩევნო უბნებზე მოსყიდვების დამადასტურებელი მასალა გვაქვს, სადაც მითითებულია კონკრეტული თანხები. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და საპატრულო პოლიციამ ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს. ხშირია ბიულეტენების დაკარგვა, გაქრობა საარჩევნო უბნებიდან. მასობრივად ცდილობენ, კარუსელის დატრიალებას. მოვუწოდებ „ქართული ოცნების“ შტაბს, შეეშვან უკანონო ქმედებებს. ქუთაისში მეათე უბანზე გადასატანი ყუთი აურიეს ხმის მისაცემ ყუთში, რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა, უბანი გაბათილდეს”, – განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ მიერ გამოთქმულ ბრალდებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ამომრჩევლების მოსყიდვის ფაქტებზე გამოქვეყნებული მასალა სიმართლეს არ შეესაბამება.

„ეს ხელით გაკეთებული სიაა. წარმოადგინონ ვიდეომასალა და თქვან, ეს სია ვის გამოართვეს. თუ ჩვენი მხარდამჭერია, ჩვენ რეაგირებას მოვახდენთ და ეს ადამიანები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცენ. ჩვენ სახეები და ვიდეოები გვაქვს აღბეჭდილი მათ, რაღაც ერთი ცალი ფურცელი გამოაქვეყნეს. ვინც ეს ფურცელი გამოაქვეყნა, ახლა სახელი და გვარი გვითხრას, ან ფოტო და ვიდეომასალა გვაჩვენოს”, – განაცხადა ვაშაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე