გლდანის N10 საარჩევნო ოლქში 10:00 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი 8 800-მა მოქალაქემ დააფიქსირა

საქართველო, თბილისი - 11:00 | 28.10.2018
ნანახია: 723

გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, N10 საარჩევნო ოლქში 10:00 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი 8 800-მა მოქალაქემ გააკეთა.

მისი თქმით< რაიმე მნიშვნელოვანი სახის დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ხმის მიცემის პროცედურა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 

მისივე განცხადებით, ყველა უბანი 07:00 საათზე გაიხსნა, 08:00 საათზე კი მოქალაქეებმა საკუთარი პოზიციის დაფიქსირება დაიწყეს.

შეგახსენებთ, დღეს, 28 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქეები ექვსწლიანი ვადით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევენ. 2018 წლის არჩევნებზე პრეზიდენტად კენჭისყრის სურვილი სულ 46-მა კანდიდატმა გამოთქვა. თუმცა ცესკო-მ მხოლოდ 25 კანდიდატი დაარეგისტრირა, საიდანაც 19 მათგანი წარდგენილია პოლიტიკური პარტიის მიერ, ხოლო 6 საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 518 877. არჩევნებისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1100-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საპრეზიდენტო არჩევნებს 125 მედია ორგანიზაციის 2000-ზე მეტი ჟურნალისტი აშუქებს. აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედია ორგანიზაციაა. იმ შემთხვევაში, თუ პირველ ტურში საპრეზიდენტო კანდიდატებიდან რომელიმე ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე მეტს ვერ მოაგროვებს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელიც უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს 1-ლი დეკემბრისა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე