გორში 8 წლის გოგონას მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი სავარაუდოდ, დღეს წარედგინება

საქართველო, თბილისი - 13:57 | 27.10.2018
ნანახია: 780

გორში 8 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ იაგო ნებიერიძეს დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ.

დაკავებულს სავალდებულო დაცვის უფლებით საზოგადოებრივი ადვოკატი, მაია გრიგოლაშვილი იცავს. მისი განცხადებით, ნებიერიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას იყენებს.

8 წლის ნ.ბ, რომელსაც ოჯახი 25 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან ეძებდა, იმავე საღამოს მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 34 წლის იაგო ნებიერიძე დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით გორში ცხელ კვალზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული პირი ერთ-ერთ სახლში სარემონტო სამუშაოებზე იყო დასაქმებული. შსს-ს ცნობით, ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ასევე იმ მარშრუტის დადგენის საფუძველზე, რომლითაც ბავშვი სისტემატურად გადაადგილდებოდა, რამდენიმე ბინა დეტალურად შეისწავლეს, ერთ-ერთში კი საეჭვო სისხლის კვალი აღმოაჩინეს. სწორედ ამ სახლში დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, ნებიბერიძე. წარსულში ნასამართლევია. ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნებიერიძე წარსულში გამოძალვისთვის იყო ბრალდებული. მისი თქმით, საუბარია 2004 წელს ადვოკატ იზო რაზმაძის 11 წლის დის შვილის გატაცებაზე. გატაცებული ბავშვი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. საქმეზე იაგო ნებიერიძეს ბრალად ედებოდა გამოძალვა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით ის დამნაშავედ გამოძალვაში ცნეს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე