ბოტანიკურ ბაღში ჩაის ცერემონია და იაპონური კალიგრაფიის ჩვენება გაიმართა

საქართველო, თბილისი - 14:26 | 24.10.2018
ნანახია: 1078

საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა ჩაის ცერემონიას და იაპონური კალიგრაფიის ჩვენებას უმასპინძლა.

ბოტანიკურ ბაღში ჩაის ცერემონიის ჩატარება უკვე ტრადიციად იქცა. სპეციალურად ამ დღისთვის, საქართველოში სახელგანთქმული იაპონელი ოსტატები ჩამოდიან, რომლებიც ბაღის სტუმრებს თავიანთ ხელოვნებას აცნობენ.  წელს ჩაის ცერემონია და იაპონური კალიგრაფიის ნიმუშები იაპონიიდან საგანგებოდ მოწვეულმა ოსტატებმა ნაოლო მაცუდაირამ და ლუკას აკემმა წარმოადგინეს.

„მოხარული ვარ, რომ იაპონურ ბაღში, რომელიც ქართველი და იაპონელი ხალხის მეგობრობის სიმბოლოდ იქცა, კიდევ ერთხელ ვმასპინძლობთ ჩაის ცერემონიას და იაპონური კალიგრაფიის ჩვენებას. შესანიშნავი იყო ოსტატ ნაოლო მაცუდარის მიერ ჩაის მომზადების ხელოვნების ჩვენება. წლევანდელი ღონისძიება განსხვავებული და უფრო დატვირთული გახდა იმით, რომ იაპონური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოსტატმა ლუკას აკემმა იაპონური კალიგრაფიის ნიმუშების, შოდოს შექმნის ნახვის შესაძლებლობა მოგვცა“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ. 

იაპონური ბაღი საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, თბილისის მერიის, იაპონიის საელჩოსა და JTI-ს მხარდაჭერით, 2016 წელს გაშენდა და ქართველ და იაპონელ ხალხთა შორის მეგობრობის სიმბოლოდ იქცა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე