ბოდიში ბატონ ივანიშვილთან, ოღონდ მოწვევა მისი საქმეა და არხი ვის მიავლენს ინტერვიუზე - ჩვენი - ნიკა გვარამია

საქართველო, თბილისი - 16:10 | 22.10.2018
ნანახია: 1025

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ ინტერვიუზე „იმედის“, „რუსთავი 2“-სა და ტვ პირველის თოქ-შოუების წამყვანების მიწვევას ეხმაინება. ის facebook-ის თავის გვერდე წერს, რომ  არხის გადასაწყვეტია, ვის მიავლენს ინტერვიუზე.

"ბოდიში ბატონ ივანიშვილთან, ოღონდ მოწვევა მისი საქმეა და არხი ვის მიავლენს ინტერვიუზე - ჩვენი. ვინ ასწავლა ჟურნალისტების სახელდებით მიწვევა, სად ამოიკითხა ეს სიბრძნე?

რ2 საკუთარ პოზიციას დღის ბოლომდე გაასაჯაროვებს", - წერს გვარამია.

ბიძინა ივანიშვილმა იმედის, რუსთავი 2-სა და ტვ პირველის თოქ-შოუების წამყვანები ინტერვიუზე მიიწვია. ინტერვიუ 23 ოქტომბერს 22:00 საათზე იგეგმება.

როგორც პარტიის პრესსმასახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ინტერვიუს საერთო სიგნალს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პირდაპირ რეჟიმში ყველა დაინტერსებულ მედიასაშუალებას მიაწვდის.

"23 ოქტომბერს, 22.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სამი ყველაზე რეიტინგული არხის, სამშაბათის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს: ტელეკომპანია იმედიდან, „პირისპირ“ - ირაკლი ჩიხლაძეს, ტელეკომპანია რუსთავი 2-დან „არჩევანი“ - გიორგი გაბუნიას და ტვ პირველიდან - „რეაქცია“ - ინგა გრიგოლიას, იწვევს მასთან ინტერვიუზე.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პარტიის თავმჯდომარემ პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე ვრცელი ინტერვიუ მისცა საზოგადოებრივ მაუწყებელს, ამჯერად მხოლოდ აღნიშნული თოქ-შოუების წამყვანების შეკითხვებს უპასუხებს.

ბიძინა ივანიშვილი მედიასთან შეხვედრებს სხვადასხვა ფორმატში მომავალშიც გეგმავს. 

ინტერვიუს საერთო სიგნალს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პირდაპირ რეჟიმში ყველა დაინტერსებულ მედიასაშუალებას მიაწვდის", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე