ჩვენი ოპონენტები ცდილობენ მოახდინონ რეალობის მოდელირება და ტვინის გამორეცხვა, ეს არ გამოუვათ - მამუკა ბახტაძე

საქართველო, თბილისი - 15:27 | 18.10.2018
ნანახია: 671

ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, მოახდინონ რეალობის მოდელირება და ტვინის გამორეცხვა, ეს არ გამოუვათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ფარულ ჩანაწერების შესახებ განუცხადა.

„ეს არის რეალობის მოდელირება. მოდი ყველაფერს შევხედოთ სისტემურად და ავირჩიოთ, რა არის ობიექტური კრიტერიუმი ამა თუ იმ საკითხზე მსჯელობისთვის. გუშინაც და რამოდენიმე კვირის წინაც ყველაზე მნიშვნელოვანმა და ავტორიტეტულმა გამოცემებმა გამოაქვეყნეს ჩვენი რეფორმების შედეგად მიღებული ადგილი, საქართველოს პოზიცია ამ საერთაშორისო რეიტინგებში. თქვენ როგორ ფიქრობთ, მთელ ძალისხმევას ვდებთ იმაში, მთელ მსოფლიოს შევუქმნათ ილუზია, რომ ჩვენ საქართველოში ასეთი სისტემური პრობლემები გვაქვს? – არა. ამას კონკრეტულად ადამიანების ჯგუფი აკეთებს, შექმნან ისეთი ილუზია, საქართველოში თითქოს მსგავსი პრობლემები არ არის გადალახული. მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ეს პრობლემები გადაილახა 2012 წლის არჩევნების შემდეგ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ქართულმა საზოგადოებამ აირჩიო სწორედ იმ მიზნით, რომ სისტემური დანაშაულებები საქართველოში დასრულებულიყო.

„დღეს ჩვენი ოპონენტები, რომლებიც ამას უშუალოდ ჩადიოდნენ ცდილობენ, მოახდინონ რეალობის მოდელირება, ტვინის გამორეცხვა, ეს არ გამოუვათ, ისევე როგორც არ გამოუვათ, რომ არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ საერთაშორისო საზოგადოებას. საერთაშორისო საზოგადოება როგორ აფასებს ამ ყველაფერს, ეს აისახა ჩვენს საერთაშორისო რეიტინგზე. დარწმუნებული ვარ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს რომ შეეკითხოთ ეს ამბავი, მათთვის მნიშვნელოვანწილად არ იქნებოდა სიურპრიზი, რადგან ყოველთვის იყო ამაზე საუბარი. ჩვენ ვიცით „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რაზე იყვნენ ისინი წამსვლელი. აქედან გამომდინარე, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე და საზოგადოებას მიეწოდოს რეალური სურათი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე