სუს-ი ჩემი და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ჩანაწერს ამზადებს - ნიკა გვარამია

საქართველო, თბილისი - 11:16 | 18.10.2018
ნანახია: 866

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, სუს-ი გამოსაქვეყნებლად მიხეილ სააკაშვილისა და მისი საუბრის ჩანაწერს ამზადებს. 

გვარამიას ინფორმაციით, ტელეკომპანიას ჰყავს წყარო, რომელზეც დაყრდნობით მას აქვს ინფორმაცია, რომ საგამოძიებო უწყებები გეგმავენ გაავრცელონ მასსა და საქართველოს მესამე პრეზიდენტს შორის კომუნიკაციის ფაბრიკაცია.

მისივე განცხადებით, ამავე წყაროს საშუალებით ჰქონდა ინფორმაცია რუსთავი 2-ს, რომ ვიქტორ ჯაფარიძე შევიდა ციხეში მირზა სუბელიანთან იმისთვის, რომ გაკეთებულიყო ჩანაწერი, რომელიც მოგვიანებით პროკურატურამ გაავრცელა.

„მე 14-შივე დავწერე სტატუსი, რომ ვიქტორ ჯაფარიძე შევიდა ციხეში სწორედ იმიტომ, რომ ჩაწერილიყო ეს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ყალბი, ვითომ ფარული ჩანაწერი. ამაში უცნაური არაფერი არ არის. ჩვენ გვყავს წყაროები ყველგან და ეს წყაროები გვაწვდიან ინფორმაციას მყისიერად. შესაბამისად, ახლა ვიცით მაგალითად ინფორმაცია, რომ სუს-ი ამზადებს ჩემი და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ჩანაწერს გამოსაგდებად. რაღაც კომბინაცია სხვადასხვა საუბრების, იქ დამატებული ხმების და ა.შ. ამაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ. ეს საერთოდ არ მაინტერესებს. დიახ, მე ველაპარაკები მიხეილ სააკაშვილს.

დიახ, მე ველაპარაკები გიგი უგულავას. დიახ, მე ველაპარაკები შალვა ნათელაშვილს. დიახ, მე ველაპარაკებოდი პატარა ბურჭულაძეს, როცა ის პოლიტიკაში იყო, ირაკლი ალასანიას და ა.შ. მე ველაპარაკები ყველას ვისთანაც მიმაჩნია რომ ეს საჭიროა. ველაპარაკები ღია ხაზზე. არაფერი დასამალი არ მაქვს. არავითარ დანაშაულს არ ვგეგმავ, მაქვს ჩემი პოლიტიკური სიმპათიები და ანტიპათიები. მაქვს ჩემი ხედვა საქართველოს განვითარებასთან დაკავშირებით“, -განაცხადა ნიკა გვარამიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე