გერმანია საქართველოს ეკონომიკის დარგის მნიშვნელოვანი სტრუქტურების განვითარებაში ეხმარება

საქართველო, თბილისი - 13:22 | 07.12.2015
ნანახია: 1435

გერმანია საქართველოს ეკონომიკის დარგის მნიშვნელოვანი სტრუქტურების განვითარებაში ეხმარება. როგორც საქართველოში გერმანიის საელჩოში აცხადებენ, მიმდინარე კვირაში საქართველოს ორი გერმანული დელეგაცია, ხოლო გერმანიას ერთი ქართული დელეგაცია ეწვევა.

 საელჩოს ინფორმაციით, მენეჯერთა საკვალიფიკაციო პროგრამის ფარგლებში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს დელეგაცია 7-დან 9 დეკემბრამდე თბილისს ეწვევა იმ ქართველ მენეჯერთა პირველი ჯგუფის შესარჩევად, რომლებიც გერმანიაში გაივლიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს. ეს პროგრამა 2016-2018 წლებშიც გაგრძელდება, რომლის დროსაც ქართველ მენეჯერებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ სიახლეებს გერმანიაში და დაამყარონ ურთიერთობა გერმანელ ბიზნეს-პარტნიორებთან. პროგრამას ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება და საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტო.

მენეჯერთა საკვალიფიკაციო პროგრამა განკუთვნილია უმთავრესაც მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გერმანულ ფირმებთან ეკონომიკური თანამშრომლობით. პროგრამა მმართველ პერსონალს ამზადებს გერმანულ ფირმებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარებისთვის.

ასევე, 7-დან 9 დეკემბრამდე თბილისში გაიმართება სემინარი თემაზე „ქვეყნის მარკეტინგი“. აღნიშნულის ფარგლებში ხუთი გერმანელი ექსპერტი გამართავს ვორკშოპებს ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის თამასთან დაკავშირიებით. მათ შორის არის ფრანკფურტის წიგნის გამოფენის წარმომადგენელი, რომლის ვორკშოპიც მიეძღვნება ფრანკფურტის წიგნის გამოფენაში ქართული ფირმების ჩართვას, რადგან 2018 წელს აღნიშნული გამოფენის ფარგლებში საქართველოს პრეზენტაცია გაიმართება. პროგრამაში ასევე გათვალისწინებულია ღვინის ლაბორატორიისა და სხვა დაწესებულებათა მონახულება.

„ქვეყნის მარკეტინგის“ დარგის ათი ქართველი ექსპერტი 2015 წლის ოქტომბერში გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების მიზნით გერმანიაში იმყოფებოდა. ურთიერთობები დღესაც გრძელდება და მყარდება. აღნიშნული ინიციატივა ეკუთვნის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს.

„დელეგაციათა ვიზიტების კიდევ ერთი ინიციატივა ეკუთვნის ბატონ შტაინმაიერს. 7-დან 11 დეკემბრამდე საქართველოს რვა წარმომადგენელი გაემგზავრება გერმანიაში შემოქმედებითი ბიზნესის პოტენციალის გასაცნობად. მონაწილეები სხვადასხვა უწყებებს და სფეროებს წარმოადგენენ (მათ შორის: მერიას, საინოვაციო სააგენტოს, სამხატვრო აკადემიას, კერძო სექტორს). მათ ერთი რამ აერთიანებთ: უკეთესად გამოიყენონ საქართველოს უდიდესი შემოქმედებითი პოტენციალი. პროგრამაში ასევე გათვალისწინებულია შეხვედრები უნივერსიტეტების, გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროსა და შემოქმედებითი ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან”, აცხადებენ საელჩოში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე