ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 16:36 | 05.10.2018
ნანახია: 819

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულ პირს 8 წლით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. 
"თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა, შენახვის და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტზე დ.ბ. დამნაშავედ ცნო. 
სასამართლოში  წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა დ.ბ.-მ 2018 წლის 1 აგვისტოს,  უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“.
სამართალდამცველებმა დ.ბ. 2018 წლის 1 აგვისტოს  ქ.თბილისში, სოფელ ფონიჭალაში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 2 ცალ ნაჭერში მოთავსებული,  0,0123 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ხოლო ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დ.ბ.-ს ნარკოტიკული საშუალების - ოპიუმის ჯგუფის უკანონოდ მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
დ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული დანაშაული) და 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ბ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 
 



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე