ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ყველა ინფორმაცია, რომელსაც რუსეთის ოფიციალური პირები და ჟურნალისტები ავრცელებენ, მტკნარი სიცრუეა - ამირან გამყრელიძე

საქართველო, თბილისი - 12:04 | 05.10.2018
ნანახია: 1855

„ყველა ის ინფორმაცია, რომელიც რუსეთის ოფიციალური თუ ჟურნალისტური წრეებისა და მასმედიის საშუალებებით ვრცელდება, არის მტკნარი სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს მიმართულია ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროგრესისა და ინოვაციების წინააღმდეგ”. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით ონიშენკოსა და გიორგაძის სპეკულაციებსა და ნაბოდვარს ნამდვილად არ უპასუხებდნენ, მაგრამ ეს თემა აიტაცეს რუსეთის ოფიციალურმა წრეებმა. მისივე თქმით, რუსეთის საგარეო და თავდაცვის სამინისტროებში ამ საკითხზე პრესკონფერენციები გამართეს, ამიტომ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა საპასუხო განცხადების გაკეთება გადაწყვიტა.

„სინამდვილეში ლუგარის ლაბორატორია გახლავთ მაღალი დონის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სამეცნიერო კვლევითი ცენტრი რეგიონში და აქვს მრავალმხრივი დანიშნულება. პირველ რიგში, ის მიმართულია ადამიანთა სხვადასხვა ინფექციური დაავადებების დროული დიაგნოსტიკისა და გამომწვევი აგენტების იდენტიფიცირებისკენ“- აღნიშნა გამყრელიძემ.

მისი განცახდებით, ლაბორატორიას აქვს რეგიონული დატვირთვა, რადგან აქ ტარდება ზოგი ისეთი ექსკლუზიური კვლევა, რომელიც მხოლოდ ამ ლაბორატორიისთვის არის ხელმისაწვდომი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ „აშშ-ი ლუგარის ლაბორატორიაში საქართველოს მცხოვრებლებზე ექსპერიმენტებს ატარებს“. რუსული მხარის მტკიცებით, ტოქსიკური ნივთიერების გამოცდის გამო, 2015 წლის დეკემბერის შემდეგ ათობით ადამიანი დაიღუპა. ეს განცხადება რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა იგორ კირილოვმა გააკეთა. ამასთან, თავდაპირველად ამ თემაზე პრესკონფერენცია მოსკოვში იგორ გიორგაძემ გამართა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე