სტალინმა უკრაინელი ხალხის გენოციდი მოაწყო - აშშ-ის სენატი

საქართველო, თბილისი - 10:34 | 05.10.2018
ნანახია: 1389

ამერიკის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც 1932-1933 წლებში გოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა.

ვაშინგტონი დაეთანხმა აშშ-ის სამთავრობო კომისიის დასკვნას უკრაინაში იმის შესახებ, რომ იოსებ სტალინმა 1932-1933 წლებში უკრაინელების გენოციდი მოაწყო.

ამის გარდა, რეზოლუცია გმობს საბჭოთა მთავრობის მხრიდან უკრაინელების მიმართ ადამიანის უფლებების სისტემატიური დარღვებების ფაქტებს.

აშშ-ში უკრაინის საელჩომ ამერიკელ სენატორებს ისტორიული გადაწყტილებისთვის მადლობა გადაუხადა.

გოლოდომორმა (მასობრივი შიმშილობა) 1933 წლის პირველ ნახევარში უკრაინის მნიშვნელოვანი ტერიტორია მოიცვა და დაახლოებით 2,2 მილიონი ადამიანი შეიწირა (ზოგიერთი მონაცემებით 10 მილიონამდე). შიმშილობა გამოწვეული იყო საბჭოთა პოლიტიკით, რომელმაც კერძო მეურნეები იძულებით გააწევრიანა კოლექტიურ მეურნეობებში. არსებობს მოსაზრება, რომ გოლოდომორი ხელოვნურად იყო გამოწვეული უკრაინული ნაციონალიზმის ჩასახშობად.  სხვა მოსაზრებით, გოლოდომორი საბჭოთა ინდუსტრიალიზაციასთან დაკავშირებული რადიკალური ეკონომიკური ცვლილებებით გამოწვეული ტრადიციული შინამეურნეობების მოშლის შედეგი იყო.

2003 წელს გაეროში მიღებულმა ერთობლივმა დეკლარაციამ მასობრივი შიმშილობა ტოტალიტარული რეჟიმის პოლიტიკისა და არაჰუმანური ქმედებების შედეგად აღიარა, რასაც საბჭოთა კავშირში მილიონობით უკრაინელის, რუსის, ყაზახისა და სხვა ეროვნების ხალხის დაღუპვა მოჰყვა. 2008 წლის მარტში უკრაინის პარლამენტმა და დაახლოებით 19-მა სხვა ქვეყნის მთავრობამ საბჭოთა მთავრობის ქმედებები გენოციდად მიიჩნია. 2008 წლის 23 ოქტომბერს ევროპის პარლამენტმა  მიიღო რეზოლუცია, რომელმაც გოლოდომორი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად სცნო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე