მსგავსი წინასაარჩევნო პერიოდი იმ ევროპულ პოლიტიკურ კულტურას არ შეესაბამება რისკენაც ჩვენ მივისწრფვით - მამუკა ბახტაძე

საქართველო, თბილისი - 11:24 | 03.10.2018
ნანახია: 581

ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში შფოთვის შემოტანა არანაირ პოლიტიკურ ძალას არ გამოუვა, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, წინასაარჩევნოდ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მისაღებია ყველაფერი, რომელიც ევროპული ტიპის დემოკრატიად საქართველოს ტრანსფორმაციას ემსახურება. 

„ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ ბევრი ჩვენი ოპონენტისგან ეს ლიტონ სიტყვებად რჩება. მე ევროპულ ქვეყანაში მსგავს წინასაარჩევნო პერიოდს არ ვიცნობ, რადგან ეს იმ ევროპულ პოლიტიკურ კულტურას არ შეესაბამება რისკენაც ჩვენ მივისწრფვით. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ნეგატიური ფაქტია. ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში შფოთვის შემოტანა არანაირ პოლიტიკურ ძალას არ გამოუვა, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ ის ისურვებდა, ქართული პოლიტიკა დეპერსონიფიცირებული, დემოკრატიული ინსტიტუტების გაღრმავებაზე მაქსიმალურად ორიენტირებული იყოს.

„პოლიტიკურ დებატებში საუბარი ამაზე იყოს. საუბარი იყოს იმაზე, როგორ მოვახდინოთ მაგალითად იმ ვალდებულებების უფრო დროული შეფასება, რომელიც როგორც ევროკავშირის ასევე ნატო-ს წინაშე გვაქვს აღებული. სამწუხაროდ ჩვენი ოპონენტების გარკვეული ნაწილისგან ამ განწყობას ვერ ვხედავთ. თქვენ იცით, რომ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, ვისაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ, განაცხადა, როგორი ტიპის კამპანიის ჩატარების განწყობა ჰქონდა. სამწუხაროდ ოპონენტებმა ამ ყველაფერს ისევ სიძულვილის ენა და პიროვნული შეურაცხყოფები დაუპირისპირეს. რა თქმა უნდა, ეს ევროპული ტიპის დემოკრატიისთვის სრულიად მიუღებელია. ამავე დროს ეს კიდევ ერთი კარგი მაგალითია იმისა, რომ ქართველმა ამომრჩეველმა კარგად დაინახოს ცხოვრებაში ვის რა ფასეულობები ამოძრავებს”, – დასძინა ბახტაძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე