ოკუპანტების მიერ ხურვალეთთან ქალის დაკავების ფაქტი, არამხოლოდ არასამართლებრივი, არაადამიანურიცაა - ქეთევან ციხელაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:55 | 02.10.2018
ნანახია: 1234

განსაკუთრებით შემაშფოთებელი და სამარცხვინოა სოფელ ხურვალეთთან ოკუპანტების მიერ ქალის დაკავების ფაქტი, რადგან ეს არა მხოლოდ არასამართლებრივი, არამედ არაადამიანურიც არის, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელი და სამარცხვინოა ეს ფაქტი, რადგან არა მხოლოდ არასამართლებრივი, ასევე არაადამიანურია, როდესაც საუბარია სამი არასრულწლოვანი შვილის დედაზე, რომელიც საკუთარ კარ-მიდამოს ნაკვეთში დააკავეს. ეს ნაკვეთი მავთულხლართებით ფაქტობრივად, გახლეჩილია. გუშინ ჩემი აპარატის თანამშრომლები იმყოფებოდნენ ოჯახთან და ადგილიც ნახეს, სადაც უკანონოდ დააკავეს. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ვმუშაობთ ფაქტობრივად, 24-საათიან რეჟიმში, ყველა არხის ამოქმედებით, რომ ეს ქალბატონი გათავისუფლდეს, მიუხედავად იმ ერთი წყაროთი გავრცელებული ინფორმაციისა“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, გუშინ ხურვალეთთან მაია ოთინაშვილის დაკავების ფაქტზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ჩაერთო.

„ბუნებრივია, ვერანაირ ბრალდებებზე ვერ ვისაუბრებთ, როცა ადამიანს ფაქტობრივად, საკუთარ სახლში აკავებენ. მას ცხვირწინ მავთულხლართი აქვს და ფაქტობრივად, ეს არის აღიარება, განაჩენი, რადგან თუ საუბარია, რომ ოსებსა და ქართველებს ორივე მხარეს გადაადგილება აინტერესებთ და ამას ხელოვნურად მავთულხლართებით ზღუდავენ, მგონი, თავისთავად მეტყველებს იმაზე, რა ხასიათი აქვს ამ რეჟიმს და რეალურად რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებულ მაია ოთინაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე