აღმაშფოთებელია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს ჩვენ გადმოგვაბრალოს თავისი დანაშაული და სალომე ზურაბიშვილი მოღალატედ მონათლოს - ივანიშვილი

საქართველო, თბილისი - 15:34 | 01.10.2018
ნანახია: 1177

გახსოვთ, როგორ იქცეოდა „ნაციონალური მოძრაობა“ ომის დროს, როგორ მიატოვეს დახოცილი ჯარისკაცები, უპატრონოდ დატოვეს ტყეში ჯარი, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მმართველ გუნდთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან ბევრი დანაშაული ჰქონდა, მაგრამ თუ შევაჯამებთ და შევადარებთ ერთმანეთს, ალბათ ყველაზე დიდი დანაშაული იყო მათი პოზიცია 2008 წლის ომში. 

„გახსოვთ, როგორ იქცეოდნენ, როგორ მიატოვეს დახოცილი ჯარისკაცები, უპატრონოდ დატოვეს ტყეში ცოცხალი ჯარი, სწორედ ეს თემა აქვთ წინა პლანზე წამოწეული.

ყველაზე დიდი დანაშაული, რაც ჩაიდინეს, ცდილობენ დღეს გადმოიტანონ და დააბრალონ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც თავისი მოღვაწეობის პროცესში ძალიან ბევრი იზრუნა, რომ რუსულ ჯარს დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორიები.

მახსოვს, თქვენც კარგად გახსოვთ ალბათ, როგორ პრინციპულობით გამოირჩეოდა სალომე ზურაბიშვილი საგარეო მინისტრის რანგში, როგორ თანმიმდევრულად და ოსტატურად მოახერხა მან, რომ რუსულ ჯარებს ტერიტორიები დავატოვებინეთ. ამის შემდგომ, სააკაშვილი პირდაპირი მნიშვნელობით, შემოუძღვა რუსულ ჯარს და დღეს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი არის ოკუპირებული.

აღმაშფოთებელია, რომ ეს ხალხი დღეს ცდილობს ისევ, რომ ჩვენ გადმოგვაბრალონ და ცდილობენ, სალომე ზურაბიშვილი მოღალატედ მონათლონ“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე