"ნაციონალურმა მოძრაობამ" ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი პოლიტიკური სპექტაკლი მოზარდის მკვლელობის საქმეზე გაათამაშა - კალაძე

საქართველო, თბილისი - 12:05 | 01.10.2018
ნანახია: 784

"ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა სატელიტებმა ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი პოლიტიკური სპექტაკლი მოზარდის მკვლელობის საქმეზე გაათამაშეს", -„ქართული ოცნების“ 6-წლიანი მმართველობის შემაჯამებელ ბრიფინგზე, პარტიის გენერალურმა მდივანმა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ისაუბრა.

კახა კალაძემ განაცხადა, რომ ამ საქმით "ნაციონალური მოძრაობა" სპეკულირებს და რუსთაველზე შვილმოკლული მამების პროტესტი სწორედ "ნაციონალური მოძრაობისგან" არის მართული.   პარტიის გენერალური მდივანი აცხადებს, რომ სწორედ "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, „ბავშვების მკვლელობის საქმე“ სანდრო გირგვლიანის საქმესთან გააიგივოს.

კალაძე ამბობს, რომ მხარდაჭერა ზაზა სარალიძემ მაშინ დაკარგა, როცა საზოგადოებამ დაინახა, რომ აქცია ნაციონალურ მოძრაობასთან იყო დაკავშირებული.

"ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა სატელიტებმა ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი პოლიტიკური სპექტაკლი მოზარდის მკვლელობის საქმეზე გაათამაშეს. ხორავას ქუჩის ტრაგედია მათ მიერ დეტალურად დაგეგმილი და ორკესტრირებული პროტესტის ტალღად გადაიქცა, რომელმაც მაშინვე დაკარგა გულწრფელი მხარდამჭერები, როგორც კი საზოგადოებამ დაინახა ნაცმოძრაობის კარგად ნაცნობი ხელწერა.

მოზარდებს შორის მომხდარ დანაშაულზე სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება ჰქონდა. მაგრამ როდესაც რიგი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ბრალდების ყველა პუნქტში პირველი ინსტანციის მოსამართლის დარწმუნება ვერ მოხერხდა, მთავარი პროკურორი გადადგა თანამდებობიდან, რითაც საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების სრულიად ახალი სტანდარტი დამკვიდრდა.

ხელისუფლებამ გადადგა კიდევ ერთი უპრეცედენტო ნაბიჯი და პარლამენტში შეიქმნა საგამოძიებო კომისია, რომელსაც ოპოზიცია ჩაუდგა სათავეში. ნაციონალურ მოძრაობას აქვს უსუსური მცდელობა, ბავშვის მკვლელობის საქმე შეადაროს გირგვლიანის საქმეს, სადაც ადგილი ჰქონდა ხელისუფლების უმძიმეს შეთქმულებას ერთი ადამიანის წინააღმდეგ. სანდრო გირგვლიანის და ირინა ენუქიძის მკვლელები „ქართულ ოცნებას“ უმწეოდ აბრალებენ დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებას იმ საქმეში, სადაც პოლიტიკურ ჩარევაზე საუბარი ოპოზიციის ხელმძღვანელობით მომუშავე საგამოძიებო კომისიამაც კი ვერ გაბედა," - განაცხადა კალაძემ. 

პარტიის გენერალური მდივანი საზოგადოებას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 6 წლის თავზე ანგარიში წარუდგინა, თუმცა კახა კალაძის გამოსვლის დიდი ნაწილი წინა ხელისუფლების კრიტიკას დაეთმო.

ბრიფინგს მმართველ გუნდთან ერთად პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდნენ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე