მაკედონიაში ქვეყნისთვის სახელის შესაცვლელად რეფერენდუმი ვერ შედგა

საქართველო, თბილისი - 11:37 | 01.10.2018
ნანახია: 662

მაკედონიის საარჩევნო ადმინისტრაციამ შეუმდგარად გამოაცხადა რეფერენდუმი ქვეყნისთვის სახელის შეცვლის საკითხზე.  საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ოლივერ დერკოსკის თქმით, რეფერენდუმზე გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.

რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა დაახლოებით 35%-მა მაშინ, როცა აუცილებელი იყო სულ მცირე 50%-ის მონაწილეობა. საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებით, რეფერენდუმში მონაწილეთა 91,4%-მა მხარი დაუჭირა ქვეყნისთვის ჩრდილოეთ მაკედონიის დარქმევას, 5,7% კი წინააღმდეგი იყო.

მაკედონიას სახელის შეცვლა სჭირდება ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვის, რასაც საბერძნეთი ეწინააღმდეგება. ორ ქვეყანას შორის დავა 90-იან წლებში, იუგოსლავიის რესპუბლიკის დაშლის შემდეგ დაიწყო. უთანხმოების მიზეზი ის არის, რომ საბერძნეთის ერთ-ერთ ოლქსაც მაკედონია ეწოდება. ამ კონფლიქტის გამო, გაეროში მაკედონიის ოფიციალური სახელწოდებაა - ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია. 2018 წლის ზაფხულში, მაკედონიის და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მაკედონია სახელს შეიცვლის და ჩრდილოეთ მაკედონიას დაირქმევს.

ქვეყნისთვის სახელის შეცვლის საკითხზე 30 სექტემბერს ჩატარებულ რეფერენდუმს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი ჰქონდა. მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა, ზორან ზაევმა განაცხადა, რომ საკითხი გადაწყდება პარლამენტში, რომელიც სახელის შეცვლას დაადასტურებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე