ე.წ. ჩანაწერებით „ქართულ ოცნებას“ ბიზნესზე ზეწოლას აბრალებს კრიმინალური პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც ბიზნესის რეკეტი, ქონების მიტაცება ყოველდღიური მოვლენა იყო” - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 11:25 | 01.10.2018
ნანახია: 702

„დღეს ყველა ხედავს, თუ რამდენად თავისუფალია მედიაგარემო საქართველოში. უსუსური ე.წ. ჩანაწერებით „ქართულ ოცნებას“ ბიზნესზე ზეწოლას აბრალებს კრიმინალური პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც ბიზნესის რეკეტი, ბიზნესმენების შანტაჟი და დაშინება, ქონების მიტაცება ყოველდღიური მოვლენა იყო”, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძე, მმართველი გუნდის შეკრების შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისში განაცხადა.

„ქართულ ოცნებას“ მედიის თავისუფლების შეზღუდვას აბრალებს პოლიტიკური ძალა, რომელმაც ძალადობით მიისაკუთრა ტელეკომპანია „რუსთავი 2“, რომელიც გარდაცვლილის ქონებას კლასიკური მოროდიორივით დაეპატრონა და მიითვისა ტელეკომპანია „იმედი“ - აღნიშნა კალაძემ.

მისი თქმით,  გადაბრალების პოლიტიკის  თვალსაჩინო მაგალითია ტელეკომპანია „იბერიის“ გამოგონილი საქმე, რომელიც, რეალურად, სიგარეტის მწარმოებელი „ომეგა ჯგუფის“ მესვეურთა მიერ ინიცირებული და „ნაცმოძრაობის“ მიერ ატაცებული ბინძური კამპანიაა.

„ამ კამპანიის მიზანი, ერთი მხრივ, ბიუჯეტის კუთვნილი 50 მილიონის, ანუ ხალხის კუთვნილი ფულის გადაუხდელობა და, მეორე მხრივ, ხელისუფლების იმიჯის შელახვაა. საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, რომ „ომეგას“ ბიზნესი გაანადგურა სააკაშვილმა, მან ქვეყნიდან განდევნა მისი დამფუძნებელი და პირველს სწორედ მას წაართვა ტელევიზია. ეს ბიზნესი და ტელევიზია ჩვენი ხელისუფლების დამსახურებით დაუბრუნდა მფლობელს და დღეს ეს ადამიანი, რომელმაც 50-მილიონიანი დავალიანება დააგროვა ბიუჯეტის წინაშე, თავის ყოფილ ჯალათს – სააკაშვილს შეეკრა და გაუგებარი ჩანაწერებით ცდილობს თავი აარიდოს ხალხის კუთვნილი ფულის გადახდას, ფარად კი ამ საქმეში ტელეკომპანიას იყენებს. „ქართულ ოცნებას“ მედიის თავისუფლების შეზღუდვას აბრალებს პოლიტიკური ძალა, რომელმაც ძალადობით მიისაკუთრა ტელეკომპანია „რუსთავი 2“, რომელიც გადაცვლილის ქონებას კლასიკური მოროდიორივით დაეპატრონა და მიითვისა ტელეკომპანია „იმედი”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც 2004-2012 წლებში ტოტალური კონტროლი დაამყარა მედიასაშუალებებზე.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არ არსებობს ბიზნესზე პოლიტიკური ზეწოლის არც ერთი შემთხვევა და შესაბამისად, ვერავინ წარმოადგენს ამგვარი ფაქტის ვერც ერთ მტკიცებულებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მედიასაშუალებების უსუსური მცდელობა, განახორციელონ „ქართული ოცნების“ დისკრედიტაცია, წარუმატებლობისთვის არის განწირული”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

"ქართული ოცნების" შეკრებას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდნენ.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე