გია თვალავაძე ჩაფიძის გულის კლინიკაში რჩება

საქართველო, თბილისი - 13:13 | 28.09.2018
ნანახია: 878

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებული სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილი უფროსი გია თვალავაძე ამ დრომდე ჩაფიძის გულის ცენტრში რჩება. აღნიშნული ინფორმაცია "ჯი-ეიჩ-ენს" მისმა ადვოკატმა მიაწოდა. დანარჩენი დეტალები თვალავაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, უცნობია. 

ციხიდან კლინიკაში გულის შეტევით ის ორი დღის წინ გადაიყვანეს.  

გია თვალავაძეს და მასთან ერთად დაკავებულ 5 პირს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 26 სექტემბერს შეუფარდა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თვალავაძე და კიდევ 5 პირი, მათგან 4 ქალი, 24 სექტემბერს დააკავეს. სუს-ის განცხადებით, „გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია. აფთიაქების დირექტორები და ფაქტობრივი მფლობელები მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, უკანონოდ ახორციელებდნენ სამეწარმეო საქმიანობას. კერძოდ, უნებართვოდ და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, შესაბამისი რეცეპტის გარეშე ახდენდნენ ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას, რითაც დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ.“ სუს-ის ინფორმაციით, გია თვალავაძე ბოროტად იყენებდა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, არ ახდენდა შესაბამის რეაგირებას „ცხელ ხაზზე“ შესულ შეტყობინებებზე, რომლებიც ეხებოდა ამ აფთიაქების მიერ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციას, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. გია თვალავაძე ბრალდებას უარყოფს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე