თუ ამ კომისიის დასკვნის შემდეგ არ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯი, კატასტროფული ზიანი თქვენთვის იქნება უმძიმესი - გიგა ბოკერია

საქართველო, თბილისი - 15:31 | 21.09.2018
ნანახია: 916

როდესაც მკვლელობისთვის არავინ ისჯება, ეს არის ვენდეტის წახალისება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„თქვენ რა, არ იცით, რომ როდესაც სახელმწიფო ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე, როდესაც ასეთი მკვლელობისთვის ვერ ისჯება, ვინც უნდა დაისაჯოს და ყველამ იცის, რომ ხელი დააფარეს, ეს არის პირდაპირი წახალისება და დაღუპულის ახლობლებმა უნდა აიღონ ხელში ვენდეტა. სხვა ქვეყანაში გაიზარდეთ ვიდრე მე და სხვები, როდესაც ასე იყოს ყველაფერი? გინდათ ასე იყოს, ეს სიგნალი გინდათ? დუმილია ეს. ყველას მოგმართავთ, ყველას, ვისაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა გინდათ აიღოთ, რომ მთავრობას არ მოსთხოვოთ ნაბიჯების გადადგმა, ეგრე გამოვა, რადგან სისხლიანი გარჩევები მოჰყვება ამას. არ გინდათ, რომ ასე იყოს, თუ არ გინდათ მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ჩვენი პოლიტიკური ლანძღვა და სიძულვილის გადმოფრქვევა ცალკე გააკეთეთ ერთი გამომსვლელისთვის და მერე დაეთანხმეთ ყველა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დასკვნაში ახალი ფაქტები დადგინდა. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, გამოიკვეთა, რომ გამოძიების ყველა ეტაპზე არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები ახალი ფიგურანტის, მ.კ-სთვის ბრალის წასაყენებლად.

„ყველამ ვიცით, რომ იმ ერთ დასკვნაში დადგინდა ახალი ფაქტები. საზოგადოებამ ზოგადად იცოდა, რომ ხელისუფლება ცუდად მოიქცა, მაგრამ დადგინდა კონკრეტული ფაქტები, კერძოდ, დადგინდა, რომ გამოძიების საწყის ეტაპზე კი არა, ყველა ეტაპზე არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები ახალი ფიგურანტის, მ.კ-სთვის ბრალის წასაყენებლად, მკვლელობაში თანამონაწილეობაში, პირდაპირ გეუბნებით. ეს დადგინდა. დადგინდა ახალი მტკიცებულებები ამ ბრალდების წასაყენებლად მ.კ-სთვის. კონკრეტული რამე დადგინდა და თქვენ ხვალ მოგთხოვენ პასუხს იმაზე, თუ მთავრობა ნაბიჯს არ გადადგამს და თუ გადადგამს, მერე ვნახავთ, როგორი იქნება ჩვენ შორის აქ საუბარი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„კომისიამ დაადგინა კონკრეტული პირები, ვის მიმართაც არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ დაიწყოს გამოძიება. ეს პირები არიან შოთაძე, ფხაკაძე, ფიფია. არსებობს ორი ამბავი – კარგი სცენარი თქვენთვის და თქვენი მთავრობისთვის არ არსებობს, რადგან უკვე ცუდი სცენარია დამდგარი. უკვე კარგი ვარიანტი ამ მთავრობისთვის არ არსებობს. საზოგადოებამ მიიღო სიგნალი, რომ როგორც მართლაცდა ძველ წარსულში იყო, თუ ახალგაზრდას სისტემაში ახლობელი ჰყავს, შეუძლია გამოძვრეს, ასეთი სიგნალი მიიღო საზოგადოებამ, რომ ასეთი მთავრობა გვყავს, ასეთი საგამოძიებო სტრუქტურები. ეს უკვე ცუდია, მაგრამ არსებობს ბევრად უარესი სცენარები. თუ ამ კომისიის დასკვნის, კონკრეტული ფაქტების გამოვლენის შემდეგ, არ გადაიდგმება ეს კონკრეტული ნაბიჯი, კატასტროფული ზიანი თქვენთვის იქნება უმძიმესი. ამიტომ გამოსავალი არის ერთი, მთავრობამ, საგამოძიებო ორგანოებმა, პროკურატურამ ახალმა ხელმძღვანელობამ, შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა გადადგან კონკრეტული ნაბიჯები“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე