პაატა ბურჭულაძე კობა დავითაშვილის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს

საქართველო, თბილისი - 15:01 | 18.09.2018
ნანახია: 869

საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე საჯარო ცილისწამებისთვის კობა დავითაშვილის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს და მისგან 25 000 ლარის გადახდას მოითხოვს.

როგორც პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა მარიამ ჩიქოვანმა განაცხადა, კობა დავითაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელმაც პაატა ბურჭულაძეს ფონდ „იავნანაში“ საქველმოქმედო მიზნებით შესული თანხების მოპარვაში საჯაროდ დასდო ბრალი, ცილისწამება და „ბინძური პიარკამპანიის“ ნაწილია.

მისი თქმით, აღნიშნული ცილისმწამებლური განცხადებები ნაწილია იმ ბინძური პიარკამპანიისა, რომელიც წელიწადზე მეტია მიმდინარეობს პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ და მიმართულია მისი, როგორც საყოველთაოდ ცნობილი არტისტისა და საჯარო პირის დისკრედიტაციისაკენ.

„პაატა ბურჭულაძე სასამართლოს მიმართავს თავისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დასაცავად და მოითხოვს, სასამართლომ დაავალოს კობა დავითაშვილს მის მიერ საჯაროდ გავრცელებული ცილისმწამებლური ცნობების უარყოფა და დააკისროს მას მორალური ზიანის ანაზღაურება 25 000 ლარის ოდენობით, რასაც მსოფლიოში აღიარებული ქართველი ბანი საქველმოქმედო ფონდ „იავნანაში“ გადარიცხავს“, - ნათქვამია ადვოკატ მარიამ ჩიქოვანის განცხადებაში.

ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით დღეს 15:00 საათზე მიმართავს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე