ხარისხიანი გამოძიების გარეშე სისხლის სამართლის მართლმსაჯულება ვერ ხორციელდება - თეა წულუკიანი

საქართველო, თბილისი - 14:48 | 18.09.2018
ნანახია: 846

ფაქტია, რომ დღეს მთავარ გამოწვევად სისხლის სამართლის პროცესში გამოძიების ხარისხი რჩება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა.

მისი თქმით, წარსულში, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პერიოდშიც არაერთმა შს მინისტრმა, მთავარმა პროკურორმა სცადა გამოძიების სტანდარტის მაღალ ხარისხში აყვანა.

მისივე განცხადებით, აუცილებელია, გამომძიებლის როლის მკაფიოდ განსაზღვრა, რამდენად დამოუკიდებელი უნდა იყოს პროკურორისგან, რომელსაც ზედამხედველობის ფუნქცია აქვს.

მან გიორგი გახარიას რეფორმის გატარებაში წარმატებები უსურვა. 
„ხარისხიანი გამოძიების გარეშე სისხლის სამართლის მართლმსაჯულება ვერ ხორციელდება. რაც შეეხება არასრულწლოვანთა სამმართველოს შექმნას, შს მინისტრთან ერთად ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელმაც, გამოსცა რეკომენდაციები თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს პასუხი 14 წლამდე არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით. რამდენიმე სახელმწიფო უწყება შევთანხმდით, რომ ჩვენ ვართ ევროპული სახელმწიფო და როდესაც 14 წლამდე ასაკის ბავშვი დანაშაულს ჩაიდენს, აქ პასუხი ვერ იქნება ციხე. პასუხი უნდა არსებობდეს, პასუხი უნდა იყოს ადეკვატურად მკაცრი, ინდივიდუალური და უნდა გულისხმობდეს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებად. ჩვენ იმაზეც ვართ შეთანხმებული კოლეგებთან, რომ ძალიან მალე ავამუშაოთ ახალი მექანიზმი დანაშაულის პრევენციის, რათა რეპრესიაზე ორიენტირებული კი არ ვიყოთ მას შემდეგ, რაც 12 წლის ბავშვი სუპერმარკეტში მოიპარავს საქონელს, არამედ სკოლებთან ერთად, სახელმწიფომ დროულად დაიწყოს მუშაობა, რომ საქმე დანაშაულამდე არ მივიდეს“, – განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო საგამოძიებო სისტემის რეფორმას იწყებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე